2 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ პირველ დარბაზში გაიმართება თამარ შავგულიძის ფილმის „კომეტები“ ჩვენება. ჩვენების შემდეგ, მაყურებელს საშუალება ექნება, გაესაუბროს რეჟისორს. ფილმი მონაწილეობს ეროვნულ კონკურსში.
ნანა (55) და ირინა (55) ბავშვობის მეგობრები იყვნენ. თინეიჯერობის ასაკში მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. როდესაც ამის შესახებ მათ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, ამ ორის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ამიტომ ირინამ ნანა მიატოვა და უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ნანა თბილისში დარჩა, გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა, მეგობრებს დაშორდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. წლების შემდეგ ირინა თბილისში ბრუნდება. ქალები ერთმანეთს სააგარაკო სახლში ხვდებიან, სადაც ადრე საუკეთესო წლები გაატარეს ერთად.
თამარ შავგულიძე 1980 წელს თბილისში დაიბადა. 2002 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით (დათო ჯანელიძის სახელოსნო). 2011 წელს გადაღებული ფილმი „ დაბადებულები საქართველოში“ მისი სადებიუტო ფილმია. რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „კომეტები“ საქართველოს კინეამტოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმის ოპერატორი გიორგი შველიძეა, რომელიც წელს ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზის მფლობელი გახდა.
ფილმის ხელახალი ჩვენებები 4 დეკემბერს, 14:00 საათზე (მესამე დარბაზი) და 8 დეკემბერს, 21:00 საათზე (მეოთხე დარბაზი) გაიმართება.