LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თამარას სამზარეულოს ამბები“ – მარტივი და გემრიელი რეცეპტები ესთეტიკის მოყვარული „ფუდბლოგერისგან“

311
თამარა

არც ისე დიდი ხანია, რაც საქართველოში პოპულარული ე.წ. ფუდბლოგების რიცხვს „თამარას სამზარეულოს ამბები“ შეემატა. აღნიშნულ გვერდზე განთავსებული მარტივი ვიდეორეცეპტები და მუდმივად მოწესრიგებული, ყოველთვის დეტალებზე ორიენტირებული მათი ავტორი უკვე 88 ათასზე მეტი გამომწერისგან იმსახურებენ ნდობას. თამარა ჯავახიშვილი გორის რაიონიდანაა, სოფელ ქსუისიდან, რომელიც 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული. თამარას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი – ანდრია და ანა. იგი პროფესიით ვეტერინარია, თუმცა ამ განხრით არასდროს უმუშავია და ალბათ, აღარც არასდროს მოირგებს ოთხფეხა მეგობრების მკურნალის ხალათს, რადგან სამზარეულოში ფუსფუსით მიღებულმა სიამოვნებამ გარდა იმისა, რომ უამრავ ადამიანს დაამეგობრა, მის ცხოვრებაში სრულიად ახალი ჰორიზონტები გააჩინა:

– სამზარეულოში ფუსფუსი ბავშვობიდან მიყვარდა-მეთქი რომ ვთქვა, მოგატყუებთ. ვიდრე დავოჯახდებოდი, ბლინებიც კი არ მომიმზადებია შინ. კულინარიით სწორედ ოჯახის შექმნის შემდეგ დავინტერესდი. ზოგადად, მიყვარს გემრიელად ჭამა და ვფიქრობ, გემრიელი საჭმლის მოსამზადებლად განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მსიამოვნებს, როცა სხვებისთვის ვამზადებ და შემდგომ მათ კმაყოფილ სახეებს ვუყურებ.

– რამ გადაგაწყვეტინათ სოციალურ ქსელში საკუთარი კონტენტის შექმნა?

–  არ მიფიქრია იმაზე, ეს ყველაფერი ასე რთული თუ იქნებოდა, არც იმაზე – რომელიმე „ფუდბლოგერს“ გავჯიბრებოდი. ყველაფერი თავისით მოვიდა. 2 წელი ხდება, რაც მამა გარდამეცვალა, ჩემთვის მეხის დაცემას ჰგავდა ეს ამბავი. ამ ტკივილთან გასამკლავებლად ხშირად ვუსმენდი ფსიქოლოგების რჩევებს. სწორედ ტიკ-ტოკზე ერთ-ერთ ვიდეოში აღნიშნეს, რომ ცხოვრებაში მძიმე პერიოდის გადასატანად რაღაც ახალი საქმით უნდა დაკავდეო… მამა იანვარში დამეღუპა, აპრილში კი უკვე ჩემი პირველი ვიდეო ავტვირთე სოციალურ ქსელში.

– რამდენი ხანია, რაც ბლოგი „თამარას სამზარეულოს ამბები“ არსებობს და როგორი უკუკავშირი მიიღეთ მომხმარებლისგან პირველი რეცეპტის განთავსების შემდეგ?

– ერთ წელზე მეტია, რაც კულინარიული გვერდი მაქვს. გამომწერებს პირველად ხაჭაპურის რეცეპტი გავუზიარე, რომელიც „ბებოს ლავაშით“ მოვამზადე. უამრავი მადლობა მივიღე რიგითი ადამიანებისგან, ლავაშის ამ დანიშნულებით გამოყენებისკენ ბიძგისთვის და თავად კომპანიისგანაც, რომელმაც საჩუქრებიც კი გამომიგზავნა. ეს ჟესტი სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება, მან დიდი სტიმული მომცა.

– რეცეპტი, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა თქვენს გამომწერებს შორის და აქვე ვისაუბროთ იმაზეც, თავად რისი მზადება განიჭებთ განსაკუთრებულ სიამოვნებას?

– სიამაყით აღვნიშნავ, რომ გამომწერებს ბევრი რეცეპტისთვის შევუქივარ, თუმცა განსაკუთრებული მოწონება მაინც ნამცხვარმა „სნიკერსი“ მოიპოვა, ვიდეოს 2 მილიონამდე ნახვა აქვს. მეც თავად ნამცხვრების ცხობა მიყვარს ყველაზე მეტად.

– რომელია თქვენი საყვარელი კერძი?

– გემრიელად შეკმაზული ლობიო და ოსური ხაბიზგინა.

– რამდენად გიყვართ სამზარეულოში ექსპერიმენტატორობა?

– ჩემი ყველა რეცეპტი არის ჩემებური, რადგან ამ საქმეს ინდივიდუალურობა უხდება. მიყვარს ძველებური რეცეპტებიც, თუმცა მათ გამრავალფეროვნებაზეც არ ვამბობ უარს.

– თქვენი გამომწერების რჩევებს თუ ითვალისწინებთ?

– ჩემს გვერდზე საკმაოდ შინაურული და მეგობრული გარემოა. სიამოვნებით ვკითხულობ განხილვებს, რომლებსაც გამომწერები ჩემს რეცეპტებთან დაკავშირებით აწყობენ. ადეკვატური ფორმით მოწერილ რჩევასაც და შენიშვნასაც ყოველთვის ვითვალისწინებ, პატარა ბავშვმაც რომ მომცეს.

 – სოციალური ქსელების მომხმარებლები ზოგჯერ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ბლოგერებს. თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და როგორ გამკლავებიხართ ამ ნეგატივს?

– რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არ მყავს ბევრი „ჰეითერი“. კი, ნეგატივი და კრიტიკა ყველგანაა, მაგრამ ეს იშვიათად ხდება ჩემს ბლოგზე. ყოფილა შემთხვევა, არ მოსწონებიათ რეცეპტი და საკმაოდ შეურაცხმყოფელი კომენტარიც დაუწერიათ, თუმცა არ მიმიქცევია ყურადღება, აზრის ასეთი ფორმით გამოთქმა ხომ ისედაც კარგს არაფერს ჰყვება მის ავტორზე…

– შეკვეთებს თუ იღებთ?

– დიახ, თუმცა იშავითად, ძალიან ახლობელი თუ მთხოვს. ეს დიდ პასუხისმგებლობას და დროს მოითხოვს, რისთვისაც ჯერ მზად არ ვარ.

– რა შეგძინათ თქვენმა ბლოგმა?

– პიროვნულად ჩემში არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ვარ, როგორიც ყოველთვის ვიყავი, თუმცა ამ საქმიანობამ ნამდვილად უფრო გაზარდა ჩემში თავდაჯერებულობა.

– რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი ბლოგი მუდმივად საინტერესო იყოს?

– ვცდილობ, ყოველდღე დავდო ახალი რეცეპტი, ვიაქტურო კულინარიულ ჯგუფებში. გამომწერებს ძალიან მოსწონთ, როცა „სთორების“ მეშვეობით ჩემს ყოველდღიურობას ვუზიარებ, ამიტომ ამ კუთხითაც ვაქტიურობ ხოლმე.

– გქონიათ უფრო ფართო ასპარეზზე გასვლის სურვილი, მაგალითად, კულინარიულ შოუში მონაწილეობის?

– კატეგორიული წინაღმდეგი ვარ შოუების, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩემს თავში არ ვარ დარწმუნებული, არამედ იმიტომ, რომ კულინარიაში შეჯიბრი არასწორი მგონია. მარტივ მაგალითს მოვიყვან, როცა დედას სამი შვილი ჰყავს და მის მომზადებულ კერძს მხოლოდ ორი ჭამს, ერთი კი – არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედამ მოამზადა ცუდად, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ბავშვის პირის რეცეპტორები კერძის გემოს ვერ აღიქვამენ. ასეა შოუებშიც – შენი კერძი, რომელიც შეიძლება ძალიან კარგად იყოს მომზადებული, ჟიურიმ არაადეკვატურად შეაფასოს. ასეთი უსამართლობის გამო არასდროს მომწონდა კონკურსები.

– არის ვინმე თქვენთვის მისაბაძი კულინარიულ სფეროში, ვისთან ერთადაც რაიმეს მომზადებას ისურვებდით?

– ძალიან მომწონს ლიკა კვარაცხელიას რუბრიკა, დიდი სიამოვნებით ჩავწერდი მასთან ერთად ვიდეორეცეპტს. ასევე, ჩემთვის ნომერ პირველი „ფუდბლოგერია“ ვაჟა წულუკიძე.

– თქვენი ბლოგიდან ნათლად ჩანს, რომ სამზარეულოში მოფუსფუსე ქალის მოწესრიგებულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ.

– ესთეტიკურობა უპირველესია ამ საქმიანობაში, კადრს მიღმაც კი. როცა კამერა გამორთულია, შესაძლოა, უფრო შინაურულად გამოიყურებოდე და კერძსაც ისე ამზადებდე, როგორც საჭიროდ მიგაჩნდეს, მაგრამ როცა ფართო აუდიტორიის წინაშე ჩნდები, კერძის სილამაზემ არ უნდა დაგჩრდილოს. გარდა ამისა, მერწმუნეთ, მოწესრიგებულობით უფრო ამაღლებულად მიმდინარეობს კერძის მზადების პროცესი.

– და ბოლოს, აუცილებლად უნდა გკითხოთ მონიკა ბელუჩისთან ერთგვარი მსგავსების შესახებაც. ცოტა ხნის წინ თქვენს გვერდზე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი ფოტო განათავსეთ, რომელზეც მიიღეთ როგორც ბევრი კომპლიმენტი, ისე კრიტიკაც.

– ჰაჰ! მონიკა არის მონიკა. თუმცა ადამიანები ერთმანეთს რომ ჰგვანან, ჩემი ახირება არ არის. მონიკა არის ინდივიდი, როგორც მე. ზოგადად არ ვარ ამბიციური, მაგრამ ჩემი გარეგნობით კმაყოფილი ვარ, არასდროს მნდომებია, ვინმეს ასლი ვყოფილიყავი. ეს ფოტო, ცხადია, ხუმრობა იყო და ვინც ხუმრობად ვერ აღიქვა, მხოლოდ ისინი გაღიზიანდნენ. ძალიან ბევრს უთქვამს, რომ ამ მართლაც გამორჩეულად ლამაზ ქალს თითქოს რაღაცით ვგავარ, ოღონდ მაშინ, როცა -20კგ ვარ ხოლმე 😊. მონიკა ბელუჩი ჩემთვის ნომერ პირველი ქალია ელეგანტურობის და შარმის თვალსაზრისით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g