თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2025 წელს 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. ტრადიციულად, ფესტივალს „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონი უმასპინძლებს.
ღონისძიება 4 დღის განმავლობაში 11:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს ათასობით წიგნის მოყვარულს.
წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც 1997 წლიდან ტარდება, მკითხველს წიგნის სამყაროში დაუვიწყარ მოგზაურობას ჰპირდება. ფესტივალის მიზანია, წიგნის კითხვის პოპულარიზება, საგამომცემლო სექტორის გაძლიერება და რეგიონული პარტნიორობის გაღრმავება.
ღონისძიების ორგანიზატორია „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“.
2025 წლის ფესტივალის მთავარი დეტალები:
– დაახლოებით 60 გამომცემელი და გამავრცელებელი წარადგენს საკუთარ პროდუქციას
– მეთერთმეტე პავილიონში მოეწყობა საერთაშორისო სივრცეები, რომელთაც წარმოადგენენ:
• თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტი,
• აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო,
• ირანის ისლამური საელჩოს კულტურის განყოფილება,
– მოეწყობა სპეციალური საბავშვო ზონა, სადაც პატარა სტუმრებს ელით:
• ორცხობილების მოხატვის ვორქშოფები,
• მუშაობა თექაზე,
• წიგნის ყდის აღდგენის ხელოვნება,
• თამაშები და სხვა შემოქმედებითი აქტივობები,
– ფესტივალი არ ივიწყებს ზრდასრულ სტუმრებსაც – დაგეგმილია კონკურსები, ავტორთან შეხვედრები, წიგნის პრეზენტაციები და ლიტერატურული დისკუსიები.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი კვლავაც რჩება ადგილად, სადაც სიტყვა, იდეები და კულტურა ერთიანდება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს კულტურის სამინისტრო და კომპანია “სოკარი”.