LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მუსერიძე: „ბიჭს ვუპოვეთ ბიოლოგიური ოჯახი, კვდებოდა და დონორი სჭირდებოდა, მაგრამ აღმზრდელმა დედამ არ მოგვცა საშუალება, მისთვის გაგვემხილა, რომ აყვანილი იყო და დაიღუპა…“

109
თამუნა-მუსერიძე

თამუნა მუსერიძე გიგა ბატკუაშვილის გადაცემას „ვიზიტორი“ ესტუმრა და წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა საკუთარი საინტერესო საქმიანობის შესახებ.

თამუნა მუსერიძე აღნიშნავს, რომ გული სტკივა გარკვეული დამოკიდებულებების მიმართ, რომელსაც ქართველი ჟურნალისტების მხრიდან აწყდება: 

„ბი-ბი-სის“ დოკუმენტური ფილმის გარდა, დაწერილი აქვს სტატია ჩემ შესახებ. ეს სტატია გადაითარგმნა ყველა ენაზე და დაიბეჭდა ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ მე ამომჭრეს (იღიმის). საწყენია ის, რომ ქართველებმა ამომჭრეს, მეწყინა, მაგრამ ძალიან არ გავბრაზებულვარ. ეს, ჩემი აზრით, სასაცილოა… ხშირად ვაწყდებოდი უსამართლობას ჩემ მიმართ სხვადასხვა სამსახურში, სრულიად დაუმსახურებლად გამოვუშვივარ, მაგრამ არავის მიმართ წყენა გულში არ ჩამიდია“.

ჟურნალისტი იხსენებს, როგორ გაარკვია, რომ აყვანილი იყო:

„როდესაც მე გავიგე, რომ ვიყავი აყვანილი, ათი თვე არ მისაუბრია საჯაროდ. ნათესავიდან ნათესავთან, ახლობლიდან ახლობელთან დავდიოდი, ვაშანტაჟებდი კიდეც, თუ არ მეტყვით, „პროფილში“ წავალ და მოვყვები-მეთქი. დედაჩემის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთ თვეში გავიგე, რომ ვიყავი აყვანილი. დედაჩემი მოულოდნელად გარდაიცვალა ისე, რომ ვერ მოვასწარი საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ თემაზე არ დამელაპარაკებოდა, დედას ვერ გავუბედავდი ამაზე საუბარს. ბევრი ჭორი იყო ჩემ შესახებ, ამიტომ მეგონა, რომ ესეც მოგონილი იყო. არც კი დავუშვი, რომ აყვანილი ვიყავი. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა ამას… ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა დედასთან… ყველაზე მეტად ის მტკენდა გულს, მშობლების სიცოცხლეში რომ მცოდნოდა, აყვანილი ვიყავი, ასმაგად დავუბრუნებდი, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეს.

უფრო მეტად ვეცდებოდი და უფრო მეტად დავუჯერებდი, დღეს წინ მხვდება დედის ყოველი სიტყვა და გაფრთხილება. იმ ნაბიჯებს ვნანობ, რომლებზეც დედა მეუბნებოდა და წინ დამხვდა. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ სახლში ვიპოვე საბუთი, სადაც დაბადების სხვა თარიღი ეწერა. მეორე სამშობიაროდან გამოვითხოვე საბუთი, რომლითაც გაირკვა, რომ მარინა კუხიანიძეს იმ წელს საერთოდ არ უმშობიარია. სანამ საჯაროდ ვიტყოდი, ბევრი ვიფიქრე, არ არის მარტივი ამაზე საჯაროდ საუბარი. საჯაროდ ამ თემაზე საუბარმა ხალხის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. „პროფილში“ წავედი ჩემი ნათესავების ჯინაზე, რადგან მათ არ მითხრეს სიმართლე. იქ დაიწყო, რაც დაიწყო… ნათესავები გამინაწყენდნენ, რადგან მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო. ხალხის მხრიდან უარყოფითი კომენტარები წამოვიდა, რატომ ეძებ, ვინც მიგაგდო და გაგყიდაო. ჩემმა საჯაროდ საუბარმა მგონია, საზოგადოების აზრი მოატრიალა და საჯაროდ საუბარი გაშვილებაზე უკვე აღარ ერიდებათ.

საზოგადოება მიხვდა, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებთ, უნდა ვიცოდეთ ჩვენი გვარი, ჩვენი წარმომავლობა, ვიცოდეთ გენეტიკური დაავადებები. ჩვენ ეს თემაც წამოვწიეთ. სხვათა შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვყავდა ორი ბენეფიციარი. ერთს მივუსწარით, ელისოს და ვუპოვეთ ბიოლოგიური ოჯახი, მას სჭირდებოდა ძვლის ტვინის გადანერგვა და დონორს ვეძებდით. მეორე – ბიჭი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, რადგან ვერ მოხერხდა თავის დროზე დონორის მოძიება. ამ შემთხვევაში ეს მისი მშობლების ბრალი იყო, რადგან აღმზრდელმა დედამ არ მოგვცა საშუალება, რომ მისთვის გვეთქვა, აყვანილი იყო. არადა, ბიოლოგიური ოჯახი ვიპოვეთ. ნათესავმა მოგვწერა, გვიშველეთ, კვდებაო… ჩემს თავზე მინდოდა ამის აღება და მისთვის თქმა, მაგრამ კანონმდებლობას გვერდი ვერ ავუარეთ…“

„ვიზიტორის“ რესპონდენტი ასევე დასძენს, რომ ერთხელ უარყოფილი ბავშვები მეორედაც არიან უარყოფის რისკის ქვეშ:

„დედები, რომლებიც საკუთარი ნებით აშვილებდნენ ბავშვებს, არიან ძალიან აგრესიულები. გათხოვდნენ, სხვა სახელი აქვთ საზოგადოებაში… დედების მხრიდან ვართ მიჩვეულები იმას, რომ არ უნდათ გამოჩენა, ჰყავთ ქმარი, შვილები, რომლებმაც არაფერი იციან ამის შესახებ და რცხვენიათ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები