„რადიო ფორტუნას“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი თამუნა ნიკოლაძე, რომელმაც წამყვან, გიგა ბატკუაშვილთან ერთად უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
როგორი ბავშვობა გქონდა?
ძალიან ბედნიერი და ლაღი ბავშვობა მქონდა, როგორც კი დავიბადე, აღმოვჩნდი სცენაზე. ჯაბა კილაძესთან ერთად შედგა ჩემი დებიუტი მარჯანიშვილის თეატრში. მე ვცხოვრობდი თეატრის გვერდით, თეატრსა და ჩემი სახლის სამზარეულოს ერთი კედელი ჰქონდა. ჩემი ცხოვრება იყო ასეთი, სკოლა, რუტინა, მოწესრიგებული ვიყავი მუდამ. საღამოს 8 საათზე იწყებოდა ხოლმე სპექტაკლები და იქ ვიყავი. 3 წლიდან ვიყავი შტატგარეშე მსახიობი. მქონდა ხელფასიც, ერთ სპექტაკლში 5 მანეთს მიხდიდნენ.
რა იყო შემდეგ?
შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. ოჯახში ყველა მხარს მიჭერდა, მამას ცოტა არ უნდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი, მას სურდა, ექიმი გავმხდარიყავი. როგორც კი დავასრულე, ერთი წელი უბრალოდ მცდელობები მქონდა. შემდეგ აღმოვჩნდი „სამეფო უბნის თეატრში“, ლეგენდარულ მსახიობებთან ერთად. 2004 წლის მარტიდან კი ვარ „თავისუფალი თეატრის“ დასის წევრი. ძალიან ბედნიერი ვარ, არ შეიძლება, არ ემადლიერებოდე საკუთარ იღბალს. საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი. მე მთელი ცხოვრება მივუძღვენი ჩემს საქმეს.
მქონია ბევრი გულისტკენა, თუმცა ალბათ ღმერთმა უკეთ იცის, რა გვჭირდება. გაგიკვირდებათ და ცოტა მეგობარი მყავს, ცოტა მაგრამ ახლო. ჩემი ოჯახი ჩემთვის არის ნომერი პირველი, დედა, მამა და, და დისშვილი, იგივე ჩემი შვილი.
იცით, ყველაზე მეტად რაზე მწყდება გული, ადამიანებს ძალიან უჭირთ სხვების წარმატების აღიარება, მილოცვა.
შენ და ცნობილი სერიალი, „შუა ქალაქში“
მინდა გიხრათ, რომ 23 სექტემბერს, „შუა ქალაქში“ გახდა 18 წლის. სერიალი, რომელსაც დღემდე უყურებს მთელი საქართველო და მსოფლიო, ემიგრანტები, ვუყვარვარ ყველას.
პირად ცხოვრებაზე საუბარი შენ არ გიყვარს…
კი ასეა, არ მიყვარს, არც შეკითხვები მიყვარს. ზოგადად, ხალხს ჰგონია, რომ თუ არ გყავს ქმარი და შვილი, ხარ უბედური, არადა, ეს არის უბრალოდ ასეთი მოცემულობაა. ზოგადად, ადამიანებმა ერთმანეთს ჭკუა არ უნდა ვასწავლოთ. ნუ ვითამაშებთ „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ ბედნიერებას. ეს ცხოვრება არის სულ ერთი წუთი.