არჩილ ტატუნაშვილის საქმესა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და უმცირესობის რეზოლუციები შესაძლოა, გაერთიანდეს და ერთ დოკუმენტად ჩამოყალიბდეს.
ამის შესახებ გუშინ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
“ხელისუფლებას აქვს ყველაზე პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, რაც კი შეიძლება, აწარმოოს იმ პირობებში, როდესაც შენ გყავს ჩრდილოელი მეზობელი, ოკუპანტი რუსეთი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა ვაწარმოოთ.
“ჩვენი თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ის რეზოლუციები, რაც ამ დღეების განმავლობაში შეიქმნა, ემსახურება იმ საერთო, საქვეყნო მიზანს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საერთაშორისო ბერკეტები, საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებისგან პოლიტიკის გამკაცრება შედეგზე ორიენტირებული იქნება.
“ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ რეზოლუციის საერთო დოკუმენტზეც შევჯერდეთ. აქ არ არის პარტიული ინტერესები გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას. აქ ყოველგვარი პარტიული ინტერესი უნდა იყოს გამორიცხული და ვიმსჯელოთ იმაზე, რა იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის,” – განაცხადა მდინარაძემ.