LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავგანწირვა არცერთ ქართველს არ უნდა დასჭირდეს“ – გიორგი ანწუხელიძეს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა

476
GIORGI ANWUX

18 აგვისტოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ის დღეს 36 წლის გახდებოდა.

გიორგი ახმეტის რაიონში, სოფელ ქვემო ალვანში, 1984 წელს დაიბადა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი ანწუხელიძის გმირობის ისტორია ვიდეოკადრებად შემორჩა საქართველოს.

რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა ვერ აიძულეს ქართველი მებრძოლი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადარჩენის ფასად წასულიყო.

ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, მოწინააღმდეგეებმა ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

გიორგი ანწუხელიძე 2009 წელს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდა.

2013 წლის 15 აპრილს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. იმავე წლის 2 ნოემბერს „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა.

დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

 

გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას მთავრობის მეთაურმა საქართველოს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

“ქვეყნისთვის, სამწუხაროდ, აგვისტო, ბოლო წლების განმავლობაში, მძიმე თვეა. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა – აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ, – აღნიშნა გიორგი გახარიამ წალკაში, სადაც ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი წარადგინა.

„ეს მიწა უაღრესად მშრომელი ხალხის მიწაა და რაც მთავარია, ის მრავალეროვნება რაც წალკას ახასიათებს ჩვენი სიძლიერის ყველაზე დიდი მაგალითია. ჩვენს მრავალფეროვნებაში ყოველთვის იყო საქართველოს სიძლიერე და ყოველთვის ასე იქნება. ეს ის ხალხია, რომელმაც შრომაც მაგარი იცის და ბრძოლაც. დღეს ჩვენ ყველამ ერთად აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის წინაშე. დღეს მისი დაბადების დღეა. ეს ის ადამიანია, რომელმაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აჩვენა გმირობის, თავდადების და თავგანწირვის უმაღლესი ხარისხი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მომავალში თავგანწირვა არცერთ ქართველს აღარ უნდა დასჭირდეს.

„ჩვენი მოვალეობაა და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ისე გავაგრძელოთ ცხოვრება და შრომა, რომ თავგანწირვა არცერთ ქართველს მომავალში არ დასჭირდეს და ჩვენ ისე აღვადგინოთ და გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რომ მხოლოდ შრომა მოგვიწიოს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g