10-საათიანი სამუშაო დღე და 220 ლარი თვიური ხელფასი, უფრო დეტალური დაანგარიშებით კი მხოლოდ 1 ლარი საათში – ზარ-ზეიმით გახსნილ „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლები, სადაც ცნობილი საერთაშორისო ბრენდების სამოსი იკერება, მონურ შრომაზე საუბრობენ.
„აჭარა ტექსტილის“ ფოთის ფილიალში დასაქმებულთა ნაწილმა „ფორტუნასთან“ საუბარში ვინაობის გამხელა არ ისურვა. მათი ინფორმაციით, დღის განმავლობაში შეზღუდული აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესვენებით სარგებლობა, აკრძალულია მობილურის გამოყენება შესვენებაზე და საპირფარეშოთი სარგებლობას მხოლოდ ნებართვის შემთხვევაში ახერხებენ.
მათვე ცნობით, აქტიურად მუშაობს დაჯარიმების სისტემაც და ხშირად არსებულ 220 ლარსაც ვერ იღებენ.
საწარმოში არსებულ პრობლემაზე ღიად საუბრობს „აჭარა ტექსტილის“ უკვე ყოფილი თანამშრომელი, სოფო გოგოლაძე, რომელიც კომპანიაში არსებულ მძიმე სამუშაო პირობების შესწავლის თხოვნით პროფკავშირების გაერთიანებასაც მიმართა.
„სამუშაო დრო და ხელფასის ოდენობა ხელშეკრულებაშია გაწერილი და წინასწარვე ცნობილია, თუმცა, ოფიციალური ხელშეკრულების გარდა, კომპანიაში იმდენად მკაცრი შინაგანაწესია, საკონცენტრაციო ბანაკს უფრო ჰგავს, ვიდრე საწარმოს. შესვენებაზე მობილურით სარგებლობისას დაცვა მობილურის წართმევით და 45-ლარიანი ჯარიმით დამემუქრა. ქლორის სუნით მოვიწამლე და ნებართვის გარეშე არ მიშვებდნენ გარეთ. სამუშაოს სპეციფიკას გაუფრთხილებლად ცვლიან. საბოლოოდ კომპანიიდან წამოსვლის მიზეზი შეურაცხყოფა გახდა. საპირფარეშოდან დაბრუნებულს ხელმძღვანელმა მიყვირა, რომ ნებართვის გარეშე არ უნდა გავსულიყავი და დავლოდებოდი,“ – ამბობს სოფო გოგოლაძე „ფორტუნასთან“.
თანამშრომლების ბრალდებებს უსაფუძვლოს და სუბიექტურს უწოდებენ „აჭარა ტექსტილის“ ფოთის ფილიალში.
კომპანიის კადრების განყოფილების სპეციალისტის, არჩილ მართალიშვილის, განმარტებით, კომპანიაში მართლაც მოქმედებს შინაგანაწესი, თუმცა, არც მობილურით და არც საპირფარეშოთი სარგებლობა შეზღუდული არ არის.
„ვიცნობ კონკრეტულ საქმეს, აღნიშნულმა თანამშრომელმა ისე დატოვა საწარმოო ხაზი და გავიდა, ბრიგადის ხელმძღვანელს არ ჰქონდა ინფორმაცია, სად იმყოფებოდა. რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, საკუთარი ხელფასით კმაყოფილი ბუნებაში არავინ არ არის. ჩვენთან არსებულ 220 ლარს ბონუსებიც ემატება, რაც თანამშრომლების წახალისებაზეა ორიენტირებული. დღის განმავლობაში 3 შესვენებაა დაწესებული, ჯარიმებიც მხოლოდ უსაფუძვლო გაცდენებზე იწერება. ყველა შემთხვევა აღირიცხება – დაშავების, ჯარიმის, თანამშრომელთა პრეტენზიების და შეგვიძლია, პროფკავშირებს დოკუმენტურად გავაცნოთ. არ გამოვრიცხავ, კონკრეტულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდეს ბრიგადის ხელმძღვანელთან პიროვნულ დაპირისპირებას. მენეჯმენტის კარი ღიაა და მზად ვართ, ნებისმიერ თანამშრომლის პრეტენზიები გამოვიძიოთ,“ – აცხადებს არჩილ მართალიშვილი „ფორტუნასთან“.
შეუსაბამობა ოფიციალურ ხელშეკრულებასა და რეალურ სამუშაო პირობებს შორის, არანორმირებული სამუშაო დრო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება – პროფკავშირების გაერთიანება საწარმოში არსებულ პირობებზე საერთაშორისო ბრენდების ინფორმირებას გეგმავს.
„საწარმოში არსებულ მინიმალურ ხელფასს მუდმივად აკლდება უმცირეს მიზეზზე დაწერილი ჯარიმები; მენეჯმენტი საპირფარეშოში გასვლის დროს და რაოდენობასაც კი განსაზღვრავს; ბრენდებისთვის საჩვენებლად, ხელშეკრულება შრომის კოდექსიდან არის გადაწერილი, რეალურად კი სამუშაო პირობები გაცილებით მძიმეა, ვინაიდან ადგილობრივ დონეზე რეაგირების ბერკეტები მინიმალურია. აუცილებლად დავუკავშირდებით ბრენდებს, რადგან ისინი შრომის პირობებს ძალიან დიდი ყურადღებას აქცევენ. არსებულ ვითარებაზე მათი ინფორმირება დასაქმებულთა პირობებზეც იქონიებს გავლენას,“ – ამბობს პოროფკავშირების იურისტი, რაისა ლიპარტელიანი .
პროფკავშირები საწარმოდან წამოსულ თანამშრომლებს ინდივიდუალურ სასამართლო დავებშიც გაუწევენ დახმარებას.
„აჭარა ტექსტილის“ ფილიალებში საერთაშორისო ბრენდების – NIKE , LOTTO,PUMA და ERIMA-ს სამოსი იკერება.
თამუნა გოგუაძე