თავისუფლების მოედანზე, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ, 4 სამხედრო მოსამსახურე შეუძლოდ გახდა. მათგან ორი მამაკაცი და ორი ქალია.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჯარისკაცებს 112-ის ექიმებმა აღმოუჩინეს. როგორც ირკვევა, შეუძლოდ გახდომის მიზეზი სიცხეა.
მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საზეიმო ცერემონიალზე, თავისუფლების მოედანზე მყოფი სამხედროები დაითხოვა.
თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. ლევან იზორიას თქმით, სამხედროები უკვე თავს კარგად გრძნობენ.
„სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ისინი დილის 6 საათიდან ადგილზე იმყოფებიან და აუცილებელი იყო სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ მათ ჰქონოდათ უფრო მეტი თავისუფალი გარემო,“ – განაცხადა მინისტრმა.