„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ახალი კანონმდებლობით პროცედურა გამარტივდა და ნებისმიერ ადმინისტრატორს შეუძლია, თამბაქოს მოწევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის შესახებ გადაწყვეტილება ადგილზე მიიღოს, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ადმინისტრირებას, ამ შემთხვევაში, მთავარი ადმინისტრატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ჯანდაცვის სექტორში ჯანდაცვის სამინისტრო და ტრანსპორტთან მიმართებაში – ტრანსპორტის შესაბამისი ადამინისტრაციები. ძირითადი აღმასრულებლები ესენია,“ – განაცხადა ბახტურიძემ.
ჯარიმები ფიზიკურ პირზე 50 ლარიდან იწყება, იურიდიული პირებისთვის კი – 500 ლარიდან.
ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო 31 000 ადამიანი იღუპება.
2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა, (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში იკრძალება.