კარელიაში დაღუპული ბავშვების გამო დღეს მოსკოვში გლოვის დღეა, გადაწყვეტილების შესახებ „ტვიტერზე“ რუსეთის დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა დაწერა. გლოვის დღეა კარელიაშიც, სადაც ტრაგიკულ შემთხვევას 14 ბავშვი ემსხვერპლა.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ შაბათს საბავშვო დასასვენებელი ბანაკის დამსვენებლები ნავებით ტბაში სასეირნოდ შევიდნენ და შტორმში მოყვნენ.
სამ ნავში 47 ბავშვი და ოთხი ინსტრუქტორი იმყოფებოდა. ორი ნავი უამინდობის გამო გადაბრუნდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ დაათვალიერეს 14 გარდაცვლილის ცხედარი და ყველა მათგანი ბანაკის 2002-2004 წლებში დაბადებული აღსაზრდელია.
მოგვიანებით კარელიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 13 ბავშვი გარდაიცვალა, ერთი კი დაკარგულად მიიჩნევა.
ამასთან, ბავშვთა ომბუდსმენის პაველ ასტახოვის ინფორმაციით, 15 ბავშვია გარდაცვლილი.
ბანაკის აღსაზრდელები კარელიაში, ძირითადად, მოსკოვიდან იყვნენ ჩასული დასასვენებლად.
