თბილისელებს წყალმომარაგების შეზღუდვების მოთმენა კიდევ რამდენიმე წელი მოუწევთ. როგორც რადიო ”ფორტუნასთან” კომპანია Georgian Water and Power (GWP)-ის ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა განაცხადა, კომპანიას მძიმე მემკვიდრეობა ერგო და თბილისის მასშტაბით 3 ათას კილომეტრიანი სისტემის სრულ რეაბილიტაციას რამდენიმე წელი დასჭირდება.
ქსელის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებისას წყლის შეწყვეტა აუცილებელია, რადგან უმთავრეს შემთხვევებში არ არსებობს ალტერნატიული წყაროები და ტექნიკურად შეუძლებელია მილის გამოცვლა წყალმომარაგების შეწყვეტის გარეშე.
ამასთან, კიკალიშვილის თქმით, თბილისის ქუჩებში საცხოვრებელი კორპუსებისა და დაწესებულებების ქაოტური მშენებლობა ასევე პრობლემურია, რადგან თბილისის წყლის კომპანიის კუთვნილ მილებზე ხშირ შემთხვევაში რაიმე შენობა დგას, რაც სამუშაოებს უფრო ართულებს.
ასევე, თბილისის მჭიდრო დასახლების გამო არ არსებობს ფაქტიურად შესაძლებლობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას ალტერნატიული წყალგამტარი მილები ჩაიდოს.
მამუკა კიკალიშვილის ინფორმაციით, კომპანია ერთ თვეში ახალი ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს. ტექნოლოგია ევროპაშიც ახლახან დაინერგა და საშუალებას იძლევა, ძველი მილის გამოუცვლელად შეკეთდეს უკვე არსებული სისტემა. ტექნოლოგია საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა მისი გამოყენება სარეაბილიტაციო სამუშაოებს შედარებით გაამარტივებს და ხარისხიანს გახდის.