შპს „თბილსერვის ჯგუფის“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“, შპს „თბილისის პარკების“ და შპს „სინათლის ქალაქის“ შერწყმა-გაერთიანება დასრულდა. ოთხივე იურიდიული პირი თბილისის მერიის მიერ, 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობითაა დაფუძნებული.
როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების, გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობასაც განახორციელებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული სერვისების ნაწილის ერთ სისტემაში მოქცევა, სერვისების ეფექტურობის ზრდა, არსებული რესურსების სწორად გადანაწილება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.