26 სექტემბერს „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ოფიციალურად გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქს საერთაშორისო სტანდარტების ახალი სავაჭრო სივრცე შეემატა.
„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ეტაპობრივად გააერთიანებს პრემიუმ კატეგორიის ბრენდებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე პირველად შემოდიან.
„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ გზაზე მდებარეობს, ესპანურმა არქიტექტურულმა ბიურომ „L35“ დააპროექტა, დეველოპმენტზე კი კომპანიამ „დომუსი“ იმუშავა.
„თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ გახსნის ღონისძიებას სამდღიანი ფესტივალის ფორმატი ჰქონდა.

„თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ მარკეტინგის დირექტორმა ბილი ისიანმა ისაუბრა:
– საფესტივალო დღეებში, ჯამში, 30 000-ზე მეტ სტუმარს ვუმასპინძლეთ. ამ ეტაპზე „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ მხოლოდ 13 ბრენდის მაღაზიაა გახსნილი, თუმცა ბრენდების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ამ სივრცეს აქვს პოტენციალი, რომ ადამიანები მას არა მხოლოდ სავაჭროდ, არამედ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ეწვიონ, მით უფრო, რომ ის ქალაქთან ახლოს, 30 წუთის სავალზე მდებარეობს.
– მომხმარებლებს აინტერესებთ, რატომ გაიხსნა მაღაზიების მცირე ნაწილი და როდიდან შეეძლებათ მათთვის საინტერესო ბრენდების სივრცეებში ვიზიტი?
– 26 სექტემბრიდან დავიწყეთ პირველი ფაზა ბრენდების მაღაზიების გახსნის პროცესისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ თვე, დაახლოებით, 10-დან 15 ბრენდამდე დაემატება „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ სივრცეს. დეკემბრის შუა რიცხვებისკენ უკვე 50 ბრენდზე ავალთ, რაც, ფაქტობრივად, ახლოს მიგვიყვანს პირველი ფაზის დასრულებამდე, რაც მოიცავს, ჯამში, 65 ბრენდს და 6 გასტრონომიულ სივრცეს.
– ეს ეტაპობრიობა ბრენდებთან მოლაპარაკების პროცესზეა დამოკიდებული?
– არა. ბრენდების 75%-თან მოლაპარაკება უკვე დასრულებულია და ხელშეკრულებებიც გაფორმებული გვაქვს. უბრალოდ, ზოგიერთი მათგანის მაღაზიაში ჯერ კიდევ რემონტი მიმდინარეობს, ზოგიერთი კი კოლექციების მიღებას ელოდება (აუთლეტის კონცეფცია ორ ნაწილად იყოფა – ეს არის წინა წლის კოლექციები და აუთლეტისთვის შექმნილი და შეკერილი კოლექციები) და მხოლოდ ამის შემდეგ შემოუერთდებიან ისინი ცენტრს.
– საფასო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ვისაუბროთ, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ წარმოდგენილი კოლექციები ქართველი მომხმარებლისთვის?
– ჩვენ ამ ყველაფერს ხელშეკრულებით ვარეგულირებთ – ჩვენთან განთავსებულმა ბრენდებმა მომხმარებელს მუდმივი 30%-იანი ან მეტი ფასდაკლება უნდა შესთავაზონ. ფასების გასაკონტროლებლად დაქირავებული გვყავს ადამიანები. ეს არის პროცესი, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს. ასევე, მომხმარებელს განსაკუთრებულ – 70%-იან და მეტ ფასდაკლებებსაც ვპირდებით კონკრეტულ დღეებში, იქნება ეს შავი პარასკევი, საახალწლო პერიოდი და სხვა, რასაც ბრენდებთან ერთად გავივლით. საფასო კატეგორიას რაც შეეხება, ნებისმიერი აუთლეტ ვილიჯისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის მერყეობს, დაახლოებით, 100 დოლარიდან 200 დოლარის ფარგლებში, საშუალო ჩეკს ვგულისხმობ. ჩვენთანაც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს საფასო კატეგორია გვეჭიროს.
– იმ მომხმარებლებს, რომლებსაც საკუთარი ავტომობილი არ ჰყავთ, როგორ შეეძლებათ „თბილისი აუთლეტ ვილიჯამდე“ მოსვლა?
– იმის გარდა, რომ აქტიურად ვმუშაობთ თბილისის და რუსთავის მერიებთან ჩვენამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის თაობაზე, ამ ეტაპზე ჩვენ დავნიშნეთ ავტობუსები – თბილისის ცენტრიდან, კერძოდ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან (ყოფილი ელბაქიძის აღმართი) ჩვენთან სტუმრობის მსურველებს, ერთი თვის განმავლობაში, კომფორტული შატლი სრულიად უფასოდ მოემსახურება. ავტობუსების მოძრაობის განრიგს ჩვენს ვებგვერდზე იხილავთ. გაითვალისწინეთ, რომ წინასწარი ჯავშანი აუცილებელია, ავტობუსის თითო რეისზე 50 ადგილი იქნება ხელმისაწვდომი.
