LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას მასპინძლობს

113
ლევან დავითაშვილი

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრა დღეს საქართველოს სახელით ორგანიზებული სემინარით გაიხსნა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 4,5 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციებია განხორციელებული და დღევანდელი ღონისძიებაც ხაზგასმით მნიშვნელოვანია საერთო და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით პანდემიისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტების შედეგად რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე“ – განცხადა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, რეგიონული კავშირის გაძლიერებაზეც ისაუბრა. ასევე, ხაზი გაუსვა კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გადამწყვეტ როლს სტრატეგიული კავშირის პროექტების რეალიზაციის დაჩქარებაში და მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელს ისეთი პროექტებით, როგორებიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ა.შ. ეს სტრატეგიული ინვესტიციები მიზნად ისახავს გააძლიეროს საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი ხიდის როლი ევროპასა და აზიას შორის, ამავე დროს უზრუნველყოს შესაბამისი შესაძლებლობები მუდმივად მზარდი სატრანსპორტო ნაკადების დასაკმაყოფილებლად“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს მნიშვნელობას ენერგეტიკული კავშირების კუთხითაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ყველაზე ამბიციურია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონულ დაკავშირებულობას გააძლიერებს.

„ამ ფლაგმანი პროექტის მნიშვნელობა როგორც ევროპისთვის, ასევე კავკასიისთვის არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს – ის არამხოლოდ მომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაციას და  მიწოდების რისკების შემცირებას ემსახურება, არამედ აქვს დიდი პოტენციალი, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას საქართველოსა და რეგიონში“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.