LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ინოვაციების, კულტურისა და გამომგონებელთა ფესტივალს მასპინძლობს

77

თბილისი ინოვაციების, კულტურისა და გამომგონებელთა ფესტივალს მასპინძლობს. 21-დან   23   აპრილის  ჩათვლით  თბილისში ნორჩ გამომგონებელთა  და  მეცნიერთა  მეათე საერთაშორისო  ოლიმპიადა  –   IYIPO 2016  გაიმართება.  წელს  ოლიმპიადა   საზეიმო თარიღს აღნიშნავს და ტრადიციულად ინოვაციებით ხვდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-ზე მეტ მონაწილე გამომგონებელს.

როგორც ”ფორტუნას”  ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, სამი დღის განმავლობაში თბილისი   ინოვაციების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად იქცევა, თავს მოიყრის   30-ზე   მეტი   ქვეყანა.  ”თბილისი   მოლის”   საგამოფენო   სივრცეში   თითეული   მონაწილე გუნდი, საკუთარი მეცნიერული ნაშრომის გარდა საკუთარი ქვეყნის პრომო სტენდსაც გააცნობს დამთვალიერებლებს.

”ორი  დღის  განმავლობაში  პროფესორ  მეცნიერებისგან  დაკომპლექტებული  ჟიური  დეტალურად გაეცნობა  ახალგაზრდების  გამოგონებებს  და  კვლევის  შედეგებს.  საუკეთესო  პროექტების ავტორები  კი  უკვე  23 აპრილს  გამოვლინდება.  ოლიმპიადის  განმავლობაში ჟიურისთან  ერთად დამთვალიერებელებსაც ექნებათ საშუალება გაეცნონ თითეული ქვეყნის კუთხეს, მათ კულტურას და  თავად   ინოვაციურ   გამოგონებებს,  შეაფასონ  და  გაეცნონ  ნორჩი  გამომგონებლების ინოვაციური პროექტებს და უგულშემატკივრონ ფავორიტ გუნდებს”, – აღნიშნეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.

მათივე ცნობით, თითოეულ  სექციაში  გამარჯვებულს სხვადასხვა  პრიზი,  ოქროს,  ვერცხლი  ან  ბრინჯაოს  მედალი  გადაეცემათ.  ფავორიტ   გუნდებს თბილისის   მერიაც   გამოავლენს,   ასევე   თავისი   რჩეული   პროექტი   ეყოლება  თბილისის   ტექნო პარკს. ტრადიციულად   საქპატენტისგან   კი   ერთი   წარმატებული   პროექტის   ავტორი/ები გამოვლინდება.

ოლიმპიადის  მიზანია  დაეხმაროს  ახალგაზრდებს  მთელი  მსოფლიოს  მასშტაბით,  რომ  მათ საკუთარი  ინოვაციური  გამოგონებები,  რაც  შეიძლება  ფართო  წრეებს  გააცნონ.  ოლიმპიადა, ერთის  მხრივ  ეხმარება  ახალგაზრდებში  სამეცნიერო  უნარების  განვითარებას,  ხოლო  მეორეს მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებულ ბიზნეს იდეების განვითარებას. ოლიმპიადა ასევე სხვადასხვა  ქვეყნების  ახალგაზრდებს  შორის  კავშირების  დამყარებისა  და  კულტურული კავშირების  გაღრმავების  ხელშემწყობია.  ამ  მიზნით,  ოლიმპიადაზე  თითოეული  ქვეყნის მონაწილეს  საკონკურსო  ექსპონატთან  ერთად  საშუალება  აქვს  საკუთარი  ქვეყანა  გააცნოს საზოგადოებას.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა (International Young   Inventors   Project   Olympiad   -iyipo)  ყოველწლიურად  გაზაფხულზე  იმართება. ოლიმპიადაში  მონაწილეობა  შეუძლია  VII-XII  კლასის  მოსწავლეს,  რომელსაც  საკუთარი გამოგონება  აქვს  და  რომელმაც  გამარჯვება  უკვე  მოიპოვა  ქვეყნის  მაშტაბით  ჩატარებულ რესპუბლიკურ  ტურნირში. IYIPO  მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: ქიმია,  ბიოლოგია,  ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

ოლიმპიადის  მხარდამჭერია:  ქალაქ  თბილისის  მერია,  საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების  სამინისტრო,  კულტურისა  და  ძეგლთა  დაცვის  სამინისტრო,  სპორტისა   და ახალგაზროდბის   სამინისტრო,   ტექნო   პარკი,  ევროკავშირი,  საქპატენტი,  საზოგადოებრივი მაუწყებელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

წლევანდელ  ოლიმპიადაზე  მონაწილებას  იღებენ  სკოლის  მოსწავლეები  ევროპიდან,  აზიიდან, ამერიკიდან და აფრიკიდან. 

ცნობისთვის, ოლიმპიადის საზეიმო გახსნა 21 აპრილს, 15:00 საათზე, ”თბილისი მოლში” გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები