LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი კონსულტანტთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

46

თბილისი  EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ, კონსულტანტთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროპის კავშირის ინიციატივა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ერთობლივად უწევენ ორგანიზებას თბილისისთვის პირველ კონფერენციას  კონკურენტული კონსალტინგის თემაზე. ღონისძიება  2016 წლის 3-4 ნოემბერს, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” ჩატარდება.

კონფერენციას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, რის შემდეგაც მონაწილეებს მიესალმებიან ევრობანკის „კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის“ გუნდის დირექტორი შარლოტა რუსი და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ვინსენტ რეი.

ფორუმში  მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეული 200-ზე მეტი პროფესიონალი კონსულტანტი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დასავლეთ ევროპიდან.  აგრეთვე, მონაწილეებს შორის იქნებიან  საკონსულტაციო სფეროს ცნობილი წარმომადგენლები საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

წლევანდელი კონფერენციის თემაა – “სწრაფი ტემპი, ინოვაცია და ინტერნაციონალიზაცია”. კონფერენციაზე განიხილება საკითხები, რომლებიც განსაზღვრავს ამ სფეროში წინსვლას, მზარდი კონკურენციის, ტენდენციების, ახალი მოდელებისა და საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის პირობებში.

”ფორუმი ახალი კონტაქტების შექმნის მშვენიერი შესაძლებლობაა. მონაწილე კონსულტანტები ისაუბრებენ თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, განიხილავენ ინოვაციის ძირითად უპირატესობას საკონსულტაციო სფეროში, ისევე როგორც -ბიზნეს-საკონსულტაციო დარგის გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე ცნობით, EBRD, „კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის“ გუნდის მეშვეობით, მხარს უჭერს 26-ზე მეტი ქვეყნის ადგილობრივ კონსულტანტებს ტრეინინგებით, გამოცდილების გაზიარებითა და მათთვის უფრო რთულ და დახვეწილ პროექტებზე ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობის შეთავაზებით. ეს ყველაფერი კი საშუალებას აძლევს კონსულტანტებს უკეთ განავითარონ თავიანთი უნარები და, შესაბამისად, უფრო ხარისხიანი მომსახურეობა გაუწიონ ბიზნესებს. საქართველოში, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში, ევროკავშირი  მსგავსი ტიპის საქმიანობებს აფინანსებს „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის მეშვეობით, რომელიც კერძო სექტორს ეხმარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g