22 მარტს, თბილისი მეწარმეობის ფესტივალს „მეწარმეთა სივრცე – 2018“ უმასპინძლებს. ორგანიზატორების ცნობით, პროექტი „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის“ (YES-Georgia) ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეთა პროფესიულ ზრდას, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და საკუთარი ბიზნესის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
ფესტივალი თბილისი მოლში გაიმართება. ერთ სივრცეში თავს მოიყრის დამწყები მეწარმეები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტში, გარდა დამწყები მეწარმეებისა, მონაწილეობას მიიღებენ USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალბედა ბიზნესმენები, მეწარმე ქალები, სტარტაპერები, რომელთათვისაც მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ახალია. „მეწარმეთა სივრცე 2018“-ის მიზანია, საშუალება მისცეს დამწყებ მეწარმეებს, რომ საკუთარი პროდუქცია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ.
გამოფენა-გაყიდვა 13:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გაგრძელდება, სადაც დამთვალიერებლებს პროდუქციის მინიმალურ ფასად შეძენის შესაძლებლობაც მიეცემათ. ასევე დაგეგმილია სხვა წამახალისებელი აქტივობები, როგორც სტუმრებისთვის, ისე მონაწილეებისთვის. ფესტივალზე დაჯილდოვდებიან ის ახალგაზრდა მეწარმეები, რომლებიც პროექტის Yes Georgia ფარგლებში დაფინანსდნენ და წარმატებით უძღვებიან საკუთარ ბიზნესებს ქვეყნის მასშტაბით.
”მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა უკვე დაწყებულია. განაცხადის წარდგენა 5 მარტამდე გაგრძელდება ვებ-გვერდზე: www.yes-startup.ge ან www.yesstartup.ge. გამოფენაზე მონაწილეობა უფასოა და მას ორგანიზატორი პროგრამა Yes-Georgia აფინანსებს. „მეწარმეთა სივრცე – 2018“ „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის“ (YES-Georgia) ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამას ფონდი კრისტალი ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International და სს მისო „კრისტალთან“ ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო „კრისტალი“, – აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.