თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი 861 მილიონი ლარი იქნება, აქედან 60 მილიონი დედაქალაქის მერიამ ტრანსფერის სახით ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღო.
2018 წლის ბიუჯეტის დოკუმენტი მიუღებელია საკრებულოს ოპოზიციისთვის. პარტიაში აცხადებენ, რომ თბილისში საცობების, სოციალური და დასაქმების პრობლემები ისევ მოუგვარებელი დარჩება. ოპოზიცია მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს.
„თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი არაფრით განსხვავდება არსებითად, დავით ნარმანიას ძალიან ცუდ ბიუჯეტებს. ეს არის ბიუჯეტი, სადაც გაზრდილია კორუფციული ხვრელები, სადაც გაზრდილია ბიუროკრატია და ეს არის ბიუჯეტი, სადაც მომავალ წელს ვერ მოგვარდება საცობების, პარკირების, სოციალური პრობლემები, ასევე, დასაქმების პრობლემა, ინფრასტრუქტურული პრობლემები,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პოპულისტური უწოდა.
„არასდროს, არცერთი ჩვენი გუნდის წარმომადგენელს არ ჰქონდა აქცენტირება, რომ პენსია გაიზრდებოდა. ეს არის მტკნარი სიცრუე. ის დაპირებები, რაც წინასაარჩევნოდ ჩვენ გავაჟღერეთ და მხარი დაუჭირა დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ, სწორედ ეს პრიორიტეტებია განსაზღვრული ბიუჯეტში,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.