LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ დაიწყო

128
11

დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გაიხსნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის როგორც ისტორიულ მნიშვნელობაზე, ისე ამ გზაზე საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე. მთავრობის მეთაურმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და  დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს, ასევე, იმ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლებიც ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორებთან აქვს.

„საქართველო ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. გასული ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ, რომ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი გამხდარიყო. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მშვიდობის უზრუნველყოფა. გეოგრაფიული, რეგიონული და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, გონივრული პოლიტიკით და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით შევძელით, რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ ყოფილიყო, ასევე, ვყოფილიყავით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიანი წევრიც“ –  განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2015 წელს დააფუძნა და ის წელს მეოთხედ ტარდება.

წლევანდელი ღონისძიება 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტ მონაწილეს მასპინძლობს. სტუმრებს შორის არიან პოლიტიკური და ბიზნესლიდერები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

ფორუმზე განხილვის ძირითადი თემები იქნება: აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის ახალი არქიტექტურა, შუა დერეფნის როლის გაზრდა, ციფრული დაკავშირებულობა, ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიკაცია, ტურიზმის მდგრადობა და დივერსიფიცირებული ინვესტიციები გამძლე მომავლისთვის.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ორ დღეს გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები