თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღეს საღამოდან ჩვეულ რეჟიმში გადადის. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილატაციის შემდეგ აეროპორტში რეისები დღის განმავლობაშიც შესრულდება. ”ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძის თქმით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მგზავრებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო იქნება.
”დღეს, საღამოს 8 საათიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოიხსნა ნოტამი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე დღეს საღამოდან ჩვეულებრივად მივიღებთ რეისებს. ანუ ხვალ დღის განმავლობაში აეროპორტიდან შესრულდება რეისები და ის იმუშავებს 24-საათიანი რეჟიმით და სრული დატვირთვით, როგორც ადრე”, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. რეაბილიტირებული ზოლი დღეს ოფიციალურად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.
რეაბილიტაცია 12 კვირაში დასრულდა და მასზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯა.