ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კლასიკურ მუსიკას მონატრებული მსმენელებისათვის გ.ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2021 წლის გაზაფხულის სეზონის პირველ კონცერტს 8 აპრილს გამართავს, მოსწავლე-ახლგაზრდობის ეროვნულ სასახლეში.
ამჯერად ორკესტრს უდირიჟორებს საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველი დირიჟორი, გდანსკში პოლონეთის ბალტიური ფილარმონიის(Polish Baltic Philharmonic)სამხატვრო ხელმძღვანელი მაესტრო – გოგი ჭიჭინაძე. Ხოლო კონცერტის სოლისტი იქნება ახალგაზრდა პიანისტი გიორგი გიგაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ლეგენდარული მარტა არგერიხის სტიპენდიანტი გახდა და აპრილში მონაწილეობას იღებს არტურ რუბენშტაინის სახელობის პიასნისტთა საერთაშორისო კონკურსზე. Ამგვარად მსმენელს საშუალება ექნება კონკურსზე გამგზავრებამდე მოისმინოს გიორგის საფინალო ტურის პროგრამა.
პროგრამაშია: მოცარტის სიმფონია n39 და ბეთჰოვენის მე-5 საფორტეპიანო კონცერტი.
ცნობისთვის, მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობისა, ორკესტრმა პანდემიის პერიოდში გასულ სეზონზე ბეთჰოვენის 250 წლისადმი მიძღვნილი ონლაინ საკონცერტო სერიები შესთვაზა მსმენელს.
8 აპრილს ღონისძიებაზე, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმა Biletebi.ge-ზე, კონცერტზე დაიშვება შეზღუდული რაოდენობის აუდიტორია, ყველა სტუმარი გაივლის თერმო სკრინინგს და დაცული იქნება დამსწრეებს შორის დადგენილი დისტანცია.
პ.ს. სარეპეტიციო კადრების გადაღება შესაძლებელია ეროვნულ სასახლეში შემდეგ თარიღებში: 31 მარტი, 1 აპრილი, 3 აპრილი, 5 აპრილი – 17:00-19:00-მდე

