თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალი 28 თებერვალს თბილისის კონსერვატორიაში გაიხსნა. თბილისის ბიგბენდის ახალი პროექტის ფარგლებში, მის დიდი ხნის სოლისტებთან, მაია ბარათაშვილთან, გიორგი სუხიტაშვილთან, მარიკო ლეჟავასთან ერთად სცენაზე კონსერვატორიის ნიჭიერი სტუდენტები გამოვიდნენ. ყველა ახალგაზრდა მუსიკოსის გამოჩენას დარბაზი განსაკუთრებული ოვაციებით ხვდებოდა. როგორც მაია ბარათაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ჯაზური მუსიკა გამორჩეულად უყვართ და ის, რომ თბილისის წლევანდელი ჯაზფესტივალი სწორედ ბიგბენდის კონცერტით გაიხსნა, ამისი დადასტურებაა.
დღეს „ივენთ ჰოლი“ თანამედროვეობის უდიდეს გიტარისტს, 20 „გრემის“ მფლობელ პეტ მეთინის ტრიოს შემადგენლობაში უმასპინძლებს, 2 მარტს კი – დიდ საკონცერტო დარბაზში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მეთინის ახალი პროექტის პრემიერა შედგება, რომელიც მოგვიანებით, ალბომად გამოიცემა.
შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით დარჩენილია ბილეთები 2 მარტის კონცერტისთვის, რომელსაც „თიბისი სტატუსის“ ბარათით 20%-იანი ფასდაკლებით tkt.ge-ზე შეიძენთ.