LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერმა საკუთარი გადაწყვეტილება შეაჩერა – რა ხდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე

თბილისის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე ლისის ტბის მიმდებარედ განაშენიანების პროცესი შეაჩერა, მანამ, სანამ ტერიტორიის განვითარების გეგმა არ შემუშავდება. როგორც კახა კალაძე განმარტავს, თბილისელებისთვის საყვარელი დასასვენებელი ადგილის, ლისის ტბის ბუნებრივი მახასიათებლები საფრთხის ქვეშააა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი მერის მოადგილემ განმარტა, რომ ტერიტორიაზე უკვე დაწყებულ მშენებლობებთან დაკავშირებით, ანუ იქ სადაც საძირკველი უკვე ამოთხრილია, გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ, მათ შორის საინჟინრო ინფრასტრუქტურასთან ადაპტაციაც ინდივიდუალურად მოხდება.

„პირველად ხდება განაშენიანების შეჩერება იმ მიზნით, რომ მერია თავად დაამუშავებს განვითარების გეგმას. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოტურად მიმდინარეობს მშენებლობები, რაც არღვევს ქალაქის განაშენიანების მთლიანობას. გარდა ამისა, ადგილი არაა უზრუნველყოფილი საინჟინრო  ინფრასტრუქტურით, არ არსებობს საგზაო ინფრასტრუქტურა. ლისის ტერიტორიის გეგმარებითი დავალება და ჩარჩო განაშენიანების გეგმა უმოკლეს ვადაში მომზადდება. ეს ხელს შეუწყობს ტერიტორიის სწორ განაშენიანებას, ისე რომ რეკრიაციული ფუნქციები შენარჩუნდეს. სამწუხაროდ, მიწის ნაკვეთები ისე იყიდებოდა, რომ კვლევა და დაგეგმარება არ ხდებოდა. რიგ შემთხვევებში გვაქვს ტერიტორიები, რომლებიც წლების წინაა გაყიდული და დღეს ადამიანები იქ ფუნქციური ზონის ცვლილებას და განაშენიანებას ისე აკეთებენ, რომ საინჟინრო ინფრასტრუქტურა კვლავ არ არის მოწესრიგებული. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის, სპეციალურად მომზადდება ერთიანი ჩარჩო გეგმა, ამის მთავარი მიზანი არა მშენებლობის შეჩერება, არამედ  ის გახლავთ, რომ განაშენიანება განხორციელდეს უსაფრთხოდ და იყოს სწორი, გეგმიური და თანმიმდევრული,“ – განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის პარალელურად განაშენიანება შეწყდება და ადმინისტრაციული წარმოება დიღმის ჭალებშიც დაიწყება. მანამდე კი ის მესაკუთრეები, რომლებსაც ან დაწყებული აქვთ ან უკვე თითქმის დასრულებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ობიექტები, ინიციატივას უარყოფითად აფასებენ. მათი ნაწილის თქმით, ნებართვა მშენებლობაზე კალაძის მერობის დროსაა გაცემული, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია რატომ უნდა შეაჩერონ მშენებლობა. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება მათ გარკვეულ პრობლემებსაც უქმნის.

ალექსანდრე ძამაშვილი ერთ-ერთია, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლს აშენებს, მანამდე კი, როგორც ის „ფორტუნასთან“ ყვება, ნაგივარებ ბინაში დეკემბრამდე ცხოვრობს. მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში მას დასრულების ვადები დაერღვევა, რაც დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

„პროექტი წელს დამტკიცდა, დამტკიცებული პროექტი თებერვალში გამოვიტანე, მშენებლობა 5 მარტს დავიწყეთ. ყველაფერს წესის მიხედვით ვაკეთებ. გირაოთი მაქვს ბინა აღებული, წლის ბოლოს უნდა გავათავისუფლო და პრობლემები მემატება. პროექტი კალაძის მერობის პირობებში დამტკიცდა. ერთი თვის წინ ნებართვა გაიცა და ერთი თვის შემდეგ შეაჩერებს ნებართვას?!“ – აღნიშნა ალექსანდრე ძამაშვილმა.

თითქმის დასრულებული მშენებლობის შეჩერებას არა, თუმცა განაშენიანების ერთიანი გეგმის შემუშავებას ეთანხმება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მშენებლობის მესაკუთრე რამაზ კრიჭინაშვილი. როგორც მან „ფორტუნას“ უთხრა, მშენებლობა თითქმის დასრულებულია და მასში 5 მილიონის ინვესტიციაა ჩადებული.

„შემდგომი მშენებლობები იქნება აკრძალული, სანამ არ დაიდება გეგმა. რაც უკვე აშენებულია ვერ მიიღებენ ანტიკონსტიტიციურ აქტს. შეუძლებლად მიმაჩნია, გამორიცხულია ასეთი აბსურდული გადაწყვეტილება მიიღონ. რას ნიშნავს აშენებული შენობა შეჩერდეს გაუგებარია. ზოგადად კი გეგმა უნდა დაიდოს. სადაც ნებართვები ჯერ არ არის გაცემული, იქ დაგეგმარება თუ მოხდება, ეს სწორი პოზიციაა,“ – განაცხადა რამაზ კრიჭინაშვილმა.

როდიდან შეაჩერდება დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით მშენებლობები ლისის ტბაზე და როდემდე გასტანს ეს პროცესი, ამ დროისთვის უცნობია.

ქეთი გიგოლაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g