“ოპოზიციურ სპექტრს და ფართო საზოგადოებას ვთავაზობთ, თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად წარვადგინოთ ზაზა ხატიაშვილის კანდიდატურა. ზაზა ხატიაშვილი მაქსიმალურად მისაღებია ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტისთვის, არ არის დაკავშირებული რომელიმე პარტიულ სტრუქტურასთან და აქვს შეუბღალავი რეპუტაცია.” – განცხადებას ოთხი არასაპარლამენტო პარტია ავრცელებს და ოპოზიციას მოუწოდებს, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატების გამჭვირვალე განხილვა მოხდეს და საბოლოოდ საუკეთესო მათგანზე შეთანხმდნენ.
განცხადებას ხელს აწერს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, ” ქართული არჩევანი”, “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის” და “თავისუფალი საქართველო”.
მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ერთადერთი შანსი, ქვეყანაში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს არის – ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლების გადანაწილება – პირველ რიგში თბილისის მერის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატის დამარცხება:
“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ოპოზიციის არაკოორდინირებული და გაუმჭვირვალე ქმედებების შედეგად ივანიშვილის რეჟიმმა მოიპოვა გარკვეული ტაქტიკური უპირატესობა: ერთის მხრივ ოპოზიციამ შეწყვიტა პარლამენტის ბოიკოტი, ხოლო მეორეს მხრივ, ფაქტია, რომ შარლ-მიშელის დოკუმენტი დარჩა ფარატინა ქაღალდად, რაიმე კონკრეტული ცვლილებების გარეშე. ამ ვითარებაში ერთადერთი შანსი, რომ ქვეყანაში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს არის – ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლების გადანაწილება – პირველ რიგში თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხება.
უკვე დაიწყო დისკუსია, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება ხელისუფლებას მოუგოს თბილისის მერის არჩევნები: უმრავლესობა თანხმდება იდეაზე, რომ ეს არ შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. ვფიქრობთ კონკრეტული კანდიდატის შერჩევა აღარ უნდა მოხდეს ფარულად, პოლიტიკური პარტიების ვიწრო წრეში (როგორც მაგალითად გადაწყდა შარლ-მიშელის დოკუმენტზე ხელისმოწერა).
სწორედ ამიტომ მთელს ოპოზიციურ სპექტრს და ფართო საზოგადოებას ვთავაზობთ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად წარვადგინოთ ზაზა ხატიაშვილის კანდიდატურა. ზაზა ხატიაშვილი მაქსიმალურად მისაღებია ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტისთვის, არ არის დაკავშირებული რომელიმე პარტიულ სტრუქტურასთან, აქვს შეუბღალავი რეპუტაცია, როგორც კეთილსინდისიერ, კვალიფიციურ და მებრძოლ ადამიანს, რაც მთავარია აქვს “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არჩევნებში გამარჯვების გამოცდილება 2013 წელს, როდესაც მის წინააღმდეგ მმართველი გუნდი და უშიშროება ლობირებდნენ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნებში.
მოვუწოდებთ ფართო საზოგადოებას და ოპოზიციურ სპექტრს მოვაწყოთ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატების გამჭვირვალე განხილვა. განვიხილოთ როგორც ზაზა ხატიაშვილის, ასევე ყველა ის კანდიდატურა, რომელიც ასევე შესაძლებელია გახდეს ოპოზიციური ელექტორატის გამაერთიანებელი და საბოლოოდ შევთანხმდეთ საუკეთესო მათგანზე.” – წერია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები არიან:
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – გოჩა ჯოჯუა;
ქართული არჩევანი – ბეჟან გუნავა;
მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის – მამუკა ტუსკაძე;
თავისუფალი საქართველო – კახა კუკავა.