უკვე ორი დღეა თბილისის მოდის კვირეული აქტიურ ფაზაში შევიდა და მაყურებელს სხვადასხვა დიზაინერის კოლექციებით უმასპინძლდება.
20 ოქტომბერს ლაშა ჯოხაძის ჩვენება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში მოეწყო, მისი ერთ-ერთი სამოსი მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ წარმოადგინა, ჩვენებას ესწრებოდნენ ცნობილი სახეები. დიზაინერის თქმით, ის თავდაუზოგავად იმუშავებს , რათა მომავალში გააუმჯობესოს თავისი კოლექცია.
კვირეულის ოფიციალურ განრიგში არაერთი ახალგაზრდა დიზაინერის ჩვენება მოეწყო, მათ შორის იყო ანი დათუკიშვილი, რომელმაც, მოდის კრიტიკოსების თქმით, მოლოდინს გადააჭარბა და ორიგინალური სამოსი წარადგინა. შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს თბილისის მოდის კვირეულის პირველი ჩვენება გაიმართა, რომელიც გრანდიოზულად გახსნეს „სუხიშვილებმა”.
„ნინო რამიშვილი – ეპოქა და მოდა“ – ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც ლეგენდარულ ქორეოგრაფს მიეძღვნა, მოცეკვავეები ამჯერად მაყურებლის წინაშე ნინო რამიშვილის სამოსით წარდგნენ.
„ეს კაბები, რომლებიც დღეს გოგონებმა მოირგეს, ანსაბლის მუზეუმში ინახება, ეს არის რეტროს განსაკუთრებული სტილი, რომლითაც, ვფიქრობ, მაყურებელი აუცილებლად მოიხიბლებოდა”, აღნიშნა ნინო სუხიშვილმა ჩვენების დასრულების შემდეგ. თაკო ჩხეიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ყველაზე ელეგანტური ხაზი სწორედ სუხიშვილების ულამაზესმა გოგონებმა წარმოადგინეს. კომენტარი გააკეთა ილიკო სუხიშვილმაც: „გოგონებმა ნამდვილად კარგად მოიხდინეს წარდგენილი სამოსი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უკეთ აღვიქვათ კოლექციის სილამაზე“.
შემდეგი 3 დღის განმავლობაში, 21-23 ოქტომბერს, სასტუმრო ROOMS TBILISI გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოურუმს. წინ უამრავი დიზაინერის ჩვენება გელით, მათ შორის: ANASTASIA, გიორგი კვეზერელი, Kate’s Cool, გიორგი ტატანაშვილი და TAMANINI.