თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე ადამიანებისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზებას აგრძელებს.
ნინა ანჯაფარიძე, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი:
– დღევანდელ ეპოქაში არსებული დაძაბულობის მიუხედავად, სიახლეები ყოველთვის გვაქვს, არ ვღალატობთ ჩვენს მთავარ მიმართულებას – კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას გამოხატულს სხვადასხვა ღონისძიებითა და პროექტით. ერთ-ერთი პროექტი, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ კიდეც, გახლავთ „წიგნის ოთახი“. ეს არის ახალი ფორმით დანახული ემოცია მკითხველსა და წიგნს შორის. ამ პროექტში წიგნი, კითხვა და პირადი გამოცდილება ერთმანეთს ხვდება. შევეცადეთ, თანამედროვე ფორმატით, მოკლედ გადმოგვეცა ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნებების კონკრეტულ წიგნთან დაკავშირებული მოგონება, შთაბეჭდილება. ამ პროექტის მონაწილეები არიან მსახიობები, ჟურნალისტები, მუსიკოსები, მწერლები, საინტერესო ახალგაზრდები. ჩვენი მიზანია, რომ თანამედროვე ციფრულ სამყაროში, ამასთან, ძალიან გადატვირთულ, დაძაბულ ცხოვრების რიტმში არ დაიკარგოს ემოციური კავშირი წიგნთან. ამ ვიდეოპროექტის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს გვყავს ახალი სტუმარი. უშუალოდ ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს გადაღება. ჩვენი სტუმრები უკვე იყვნენ: ნიკოლოზ წულუკიძე, ირაკლი კავსაძე, ნანა შონია, დათო ევგენიძე, ვაჩე ღვინიაშვილი და სხვა. ვფიქრობ, ამ პატივსაცემი ადამიანების გავლენით მკითხველი მოვა და იპოვის თავის წიგნს ჩვენს მრავალფეროვან გაერთიანებაში, მედიათეკებსა თუ ბიბლიოთეკებში და ახალგაზრდების ჩართულობაც მოიმატებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ვიდეოების ნახვა, ჩვენი ფეისბუკ გვერდის გარდა, უკვე შესაძლებელია Instagram-სა და YouTube-ც. შესაბამისად, სიახლეები რომ არ გამოგრჩეთ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდები.
– სიახლეები გაქვთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებითაც, როგორიცაა „ხმით დანახული სამყარო“.
– მოგეხსენებათ, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში გვაქვს საქართველო–კორეის საინფორმაციო ცენტრი, სადაც გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებისთვის არსებობს კორეული ენის კურსი, ტარდება ციფრული ტრენინგები, მოქმედებს გაცვლითი პროგრამა ჯეჯუს უნივერსიტეტთან, ასევე, უნიკალური ტექნიკის წყალობით, უსინათლო და მცირემხედველ პირებს შეუძლიათ ისწავლონ კომპიუტერის აქტიურად გამოიყენება, როგორ მოიპოვონ სწორად და სწრაფად ინფორმაცია და ა.შ. სულ მალე კორეიდან მივიღებთ ახალ ტექნიკას, რომელიც ახალი პროექტის დაწყების საშუალებას მოგვცემს. რაც შეეხება „ხმით დანახულ სამყაროს“, ის მართლაც განსაკუთრებულია, იმიტომ, რომ მსახიობების, მწერლებისა თუ პოეტების დახმარებით, რომლებიც უსასყიდლოდ თანამშრომლობენ ჩვენთან, იწერება მსოფლიო თუ ქართული ლიტერატურა, კლასიკური თუ თანამედროვე ნაწარმოებები. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ უსინათლო და მცირემხედველი პირების ინტერესებსაც და ზოგჯერ მათთვის საინტერესო ავტორების წერილებსაც ვამუშავებთ. ეს არის მაღალი ხარისხის აუდიო წიგნები, რომლებიც ჩვენს პლატფორმაზე განთავსდება, შეიქმნება დიდი ბაზა. სხვათა შორის, უკვე იგავებისა და ზღაპრების ჩაწერა დავიწყეთ, ისინი განსაკუთრებით ბავშვებს დააინტერესებთ.

– ხშირად უსვამთ ხაზს იმას, რომ ცდილობთ, ყველა ასაკის, სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს მოარგოთ თქვენი პროექტები. ალბათ, ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომელიც მარტის ბოლოდან კიდევ ერთ ბიბლიოთეკაში დაიწყებს ფუნქციონირებას.
– დიახ. 31 მარტს უკვე მესამე კლუბს გავხსნით. ის რობაქიძის გამზირზე მდებარე ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკაში იფუნქციონირებს. კლუბში რეგისტრაცია 10 თებერვლიდან გამოცხადდა. ჩვენი მენეჯერი ყოველდღე, 12:00-დან 16:00 საათამდე პასუხობს ზარებს. მინდა ვთხოვო 60+ ასაკის ადამიანებს, რომ იჩქარონ, რადგან ბევრია მსურველი, ადგილები კი შეზღუდულია. კლუბში ფიზიკური, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობები ხორციელდება – ვარჯიში, ცეკვა, სიმღერა, ხატვა. მალე დავამატებთ უცხო ენის კურსსაც. უცხო ენის გაკვეთილებს სპეციალურად გადამზადებული ახალგაზრდები გაუძღვებიან. შეგახსენებთ, ეს პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ და ჩვენი პარტნიორია გაეროს მოსახლეობის ფონდი. 31 მარტს საქართველოს კოორდინატორი გვესტუმრება და სწორედ მასთან ერთად გავხსნით ახალ კლუბს.
– და ბოლოს, ორიოდე სიტყვით, აქტიური მკითხველის და საუკეთესო ბიბლიოთეკარების დაჯილდოების შესახებაც.
– ჩვენი გაერთიანება, წახალისების მიზნით, ყოველწლიურად ავლენს როგორც ყველაზე აქტიურ მკითხველს, ჩვენი თანამშრომლების გამოკითხვის საფუძველზე, ასევე საუკეთესო ბიბლიოთეკარებს. წელს საზეიმო ღონისძიება ჩატარდება 16 მარტს, ვაკის პარკის მედიათეკაში, 15:00 საათზე. ვფიქრობ, ეს ღონისძიება ერთგვარი სტიმულია, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან მკითხველს, ისე მკითხველისთვის, რათა იგი მუდმივად კმაყოფილი იყოს ჩვენი მასპინძლობით.