LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ორგანიზაცია, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და ამოცანებს მიყვება

74
01

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ის ორგანიზაციაა, რომელიც 9 მუზეუმის საფუძველზე არა მხოლოდ ქართული საზოგადოების განვითარების ეტაპებს ხდის თვალსაჩინოს,  არამედ, საკუთარ მაგალითზე, ჩვენი იმაში დარწმუნებაც შეუძლია, რამდენად მარტივია ქალაქის საქმიანი ცხოვრების ნაწილი იყო, თუ მუდმივად პროგრესზე იქნები ორიენტირებული. თბილისის მუზეუმების გაერთიანება მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს 21-ე საუკუნის სწრაფ ტემპს და ციფრული და სამუზეუმო სამყარო იმგვარად დაუახლოოს ერთმანეთს, რომ მუზეუმი სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანების თავშეყრის სასურველ ადგილად იქცეს.

ნინი სანადირაძე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი:

– ევროპის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს, საერთაშორისო სარეკომენდაციო ორგანიზაციების ხედვების მიხედვით, მუზეუმი გარდა იმისა, რომ ხელშესახებს ხდის კულტურულ მემკვიდრეობას, ის საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრიცაა. კულტურა ხომ შეთანხმებათა სისტემაა, ეს სისტემა კი საჭიროებს როგორც ისტორიულ კონტექსტს, ისე აწმყოს გააზრებას.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მისიაა იყოს ხიდი წარსულსა და დღევანდელობას შორის, რომელიც საბოლოოდ მომავლის შედეგებს მოიტანს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევაგროვოთ წარსულის ფრაგმენტები, შევინახოთ, დავიცვათ და გავავრცელოთ ისინი საგანმანათლებლო კონტექსტით და რაც მთავარია, სწორედ მუზეუმში  ვისაუბროთ და ვასაუბროთ ნებისმიერი დაინტერესებული პირი იმ გამოწვევებზე, რომლებიც თანამედროვე ადამიანს დღეს დედამიწაზე უდგას, იქნება ეს კლიმატის ცვლილებით განპირობებული პრობლემები, საზოგადოებრივი საჭიროებები, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, თუ სხვა რომელიმე საჭირბოროტო საკითხი. ამ სტრატეგიას ზურგს უმაგრებს ის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც თბილისის მუზეუმების გაერთიანებას შეხვდა.

თუ ვინმეზე შეიძლება ვისაუბროთ მრავალმხრივ კონტექსტში, ეს ილია ჭავჭავაძე და მისი თანამედროვეები არიან, რომლებიც ერთნაირი წარმატებით და ერთნაირი შესაძლებლობით ხედავდნენ ქვეყნის რესურსს, მის მომავალს იმ საჭიროებებით, რომლებიც სახელმწიფოს ეკონომიკურ და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი – სახლი ნიკოლოზის ქუჩაზე, სადაც გაზეთი „ივერია“ იყო განთავსებული, ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი სივრცე იყო. ამასთან, ეს სახლი ერთ-ერთი პირველი შემოსავლიანი სახლი იყო თბილისში, დღევანდელი ტურისტული კონტექსტიდან რომ ვთქვათ და უცხოური ტერმინი გამოვიყენოთ, ე.წ. გესთჰაუსი, ანუ სახლი, რომელიც სხვადასხვა საჭიროებისთვის ქირავდებოდა და მისი შემოსავალი საზოგადოებრივ სიკეთეებსაც ხმარდებოდა. ეს იყო სახლი, სადაც ილია ჭავჭავაძე თან ცხოვრობს, თან აქ „ივერიის“ სტამბაა, თან მაქსიმე შარაძის ამხანაგობის სტამბაა და მიხეილ გედევანიშვილის რენტგენის კაბინეტიც ფუნქციონირებს. ეს ის ადგილია, სადაც მარიამ ბაქრაძე, პირველი ქართველი პედიატრი ქალი, უსასყიდლოდაც იღებს პაციენტებს, ანუ შენობა მრავალფუნქციურია. ამ მემკვიდრეობას, ცხადია, შენახვა სჭირდება, რადგან შენახვა ამ მემკვიდრეობის უწყვეტი გაგრძელებაა.

– თქმა არ უნდა, რომ ეს პროცესი ფინანსური სარგებლის მიღებაზე ორიენტირებას არ გულისხმობს, მაგრამ აუცილებლად გულისხმობს თანამედროვე ტენდენციებისთვის ფეხის აწყობას, კერძოდ, თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას. გარდა ამისა, კლიმატთან დაკავშირებული პრობლემები ახსენეთ და, კლიმატის ცვლილება დღეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა, მით უფრო, როცა ჩვენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ და გარემოზე ზრუნვა, შეიძლება ითქვას, ჩვენთვის პირდაპირი დავალებაა. ცხადია, კლიმატის ცვლილებას ვერ შევაჩერებთ, მაგრამ მისი შეფერხება კი ნამდვილად შეგვიძლია. ამ თვალსაზრისით თბილისის მუზეუმების გაერთიანება საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს – ცოტა ხნის წინ ორგანიზაციის ცხოვრებაში ტერმინი ენერგოეფექტურიც კი გაჩნდა. მოდით მოგვიყევით რასთან გვაქვს საქმე?

– თბილისის მუზეუმების გაერთიანებისთვის ერთ-ერთი პირველი გამოწვევა იყო ხელმისაწვდომობა, მაგრამ მუზეუმის ხელმისაწვდომობა არ ნიშნავს მხოლოდ პანდუსების გაკეთებას, ის, ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანებთან ერთად, ნებისმიერი ინტერესების მქონე პირებისთვის სასურველი სივრცეც უნდა იყოს.

ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობაც მე-19 საუკუნის მემკვიდრეობა და პასუხისმგებლობაა, რომელიც უნდა გავაგრძელოთ. სახლი ნიკოლოზის ქუჩაზე, ანუ ელისაბედ საგინაშვილისეული სახლი, სადაც დღეს მუზეუმია განთავსებული, იყო ერთ-ერთი პირველი სახლი მაშინდელ გაღმა უბანში, დღეს უკვე ჩუღურეთის რაიონში, სადაც იდგა ტელეფონი და ეს არ არის მხოლოდ ამბავი და დოკუმენტური მასალა, ეს არის ძალიან საინტერესოდ და მარკეტინგულად გამოყენებული ფაქტი გაზეთ „ივერიის“ გასავრცელებლად. სასუვენირე საფერფლეებიც კი იბეჭდებოდა, სადაც ეწერა როგორც ტელეფონის ნომერი, ისე ინფორმაცია, რომელიც სამთვიანი და ექვსთვიანი გამოწერისთვის იყო მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებს, აქაც მაგალითის მომცემი გაზეთი „ივერიაა“, რომელიც ათეული წლები წერდა თბილისში კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ილია ჭავჭავაძემაც არაერთი მეთაური წერილი მიუძღვნა ამ საკითხებს. გარემოზე ზრუნვის კუთხით საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გამოჩენას თბილისის მუზეუმების გაერთიანებაც ცდილობს, ჩვენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და ამოცანებს მივყვებით.

ენერგოეფექტურობაზე ფიქრი ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესში დავიწყეთ – ვფიქრობდით, როგორი ყოფილიყო კედლები, გამოგვეყენებინა თუ არა ე.წ. მწვანე მასალები და ა.შ. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაც იყო bp-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგი –  მუზეუმში მზის პანელების სისტემის განთავსება. ეს არის პირველი შემთხვევა ამიერკავკასიაში, როცა მუზეუმი ბუნებრივი ენერგიის წყაროზე გადავიდა, შეამცირა გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა და მზის ენერგიას მოიხმარს. ეს სისტემა დაზოგავს მინიმუმ 30 000 კილოვატ ტრადიციულ ელექტროენერგიას, 20 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს  დაახლოებით 150 ტონა CO2 ემისიის შეკავებას და გადაარჩენს 8000-მდე ხეს. აქვე დავსძენ, რომ ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამებიდან რვა კლიმატთან და დედამიწაზე ზრუნვასთანაა დაკავშირებული.

– საუბარი სიახლით დავასრულოთ. თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ცოტა ხნის წინ საკუთარი პირველი მობილური აპლიკაცია წარადგინა, რას ვიგებთ მისი მეშვეობით მუზეუმებზე?

– ნებისმიერი სიახლის დანერგვისას ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რომ აუდიტორიას მისი მეშვეობით მანამდე არსებულ პლატფორმებზე განთავსებულისგან განსხვავებული ინფორმაცია მივაწოდოთ. როგორც ტექნოლოგიური ინსტრუმენტებია სხვადასხვა, ისე ინფორმაციაც სხვადასხვაგვარია მოცულობითა და შინაარსით. მობილური აპლიკაციის ჩაშვებამდე რამდენიმე თვით ადრე აუდიოგიდების სისტემა დავნერგეთ – სტუმრებს QR კოდის დასკანერებით შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია როგორც ნებისმიერი ადგილის ისტორიის, ასევე საგამოფენო ექსპონატების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე. რაც შეეხება მობილურ აპლიკაციას, ის ისეთ ინტერაქციულ შესაძლებლობებს შეიცავს, რაც მომხმარებელს მასზე, კარგი გაგებით, დამოკიდებულს გახდის. ჩვენთვის მთავარია იცოდნენ არა მხოლოდ მუზეუმების ადგილმდმებარეობა, არამედ მუზეუმის ყოველდღიური ცხოვრება – რა ხდება და რატომ ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები