თბილისის საბალეტო ფესტივალი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია, 28 ივნისს გაიხსნება და 9 ივლისს დაიხურება. ფესტივალი 1017 წელს დაფუძნდა და წელს მეოთხედ ჩატარდება.
საბალეტო ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, უცხოეთის სხვადასხვა თეატრებში მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და მსოფლიოში სახელგანთქმული უკრაინული საბალეტო დასი. სპექტაკლები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
ფესტივალი 28 ივნისს გაიხსნება. მაყურებელი იხილავს ვახტანგ ჭაბუკიანის და ალექსი მაჭავარიანის ბალეტს „ოტელო“, რომელშიც მთავარ პარტიებს ბოსტონის ბალეტის წამყვანი სოლისტი ლაშა ხოზაშვილი და სოლისტი ნინო მათიაშვილი შეასრულებენ. ბალეტს კომპოზიტორის ვაჟი ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს.
30 ივნისს წარმოდგენილი იქნება მინკუსის ბალეტი „დონ კიხოტი“ ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი მოცეკვავის გიორგი ფოცხიშვილის და ჩვენი თეატრის წამყვანი სოლისტის ნინო სამადაშვილს მონაწილეობით.
1 ივლისს დაგეგმილია უკრაინის ნაციონალური საბალეტო დასის გასტროლი, რომელიც მაყურებელს ერთმოქმედებიან ბალეტებს წარუდგენს: ჯონ ნოიმაიერის ბალეტს „Spring and Gall“ და ჰანს ვან მანენის ბალეტს „5 Tango“ . ამავე საღამოზე იცეკვებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები ალესანდრა ფერრი (პრიმა-ბალერინა ასოლუტა, იტალია) და მარსელო გომესი (მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი. აშშ), შეასრულებენ პა დე დეს ანჯელინ პრელჟოკაჟის ბალეტიდან „La Parc” . ასევე მაყურებელი იხილავს საკონცერტო ნომრებს ჩვენი დასის და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით.
2 ივლისს ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. იცეკვებენ ლაშა ხოზაშვილი და ნინო მათიაშვილი (ბოსტონის ბალეტი), ასევე ფილადელფიის ბალეტის მოცეკვავეები, რომლებიც შეასრულებენ თანამედროვეობის უდიდესი ქორეოგრაფის კრისტოფერ ვილდონის ბალეტს For Four. მონტე კარლოს ბალეტის წამყვანი მოცეკვავეების შესრულებით მაყურებელი იხილავს ჟან კრისტიფ მაიოს ქორეოგრაფიით დადგმულ პა დე დეს ბალეტიდან „მძინარე მზეთუნახავი“. გიორგი ფოცხიშვილი და ნინო სამადაშვილი შეასრულებენ პა დ’ აქსიონს ვახტანგ ჭაბუკიანის ბალეტიდან „ლაურენსია“.
5 ივლისს წარმოდგენილი იქნება ადოლფ ადანის ბალეტი „ჟიზელი“, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავის, პრიმა-ბალერინას, ალინა კოჟეკარუს და ინგლისის სამეფო ბალეტის წამყვანი მოცეკვავის რიის კლარკის მონაწილეობით.
სპექტაკლს უდირიჟორებს მთელს მსოფლიოში განთქმული უკრაინელი დირიჟორი ალექსეი ბაკლანი(უკრაინის ნაციონალური ოპერა).
8 და 9 ივლისს ფესტივალი დაიხურება კარლ ორფის მუსიკაზე ახალგაზრდა ქორეოგრაფის ილია ჟივოის მიერ დადგმული ბალეტით „კარმინა ბურანა“, რომლის პრემიერა 2022 წლის ოქტომბერში, დიდი წარმატებით, ჩვენი თეატრის სცენაზე გაიმართა.
ბილეთები შეიძინეთ tkt.ge-ზე