თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება.
დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რეგისტრაცია სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge წარიმართება.
„აღსაზრდელთა რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და დაიწყება ივლისში. რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები:
თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; თბილისში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.
ასევე, თბილისში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;
დედ-მამიშვილები; ბაღების თანამშრომელთა შვილები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, თბილისის მერის ინფორმაციით, 13 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება.
„მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპი დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად. რეგისტრაციის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ბაღების სააგენტოს, ასევე თბილისის მერიის ცხელი ხაზის მეშვეობით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
