LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

84

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება.

რეგისტრაციის პროცედურებზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს  ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის kids.org.ge-ს საშუალებით. პირველი ეტაპი დაიწყება 2017 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები,  ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს 13:00 საათზე და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში.

„ჯამში, 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის თბილისის ბაღებში შესაძლებელი იქნება დამატებით 13 000-მდე აღსაზრდელის რეგისტრაცია, რაც წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობაა და ის ფაქტი, რომ მოთხოვნა საჯარო ბაღებზე დღითიდღე იზრდება, ადასტურებს ჩვენ მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე ინფრასტრუქტურული თუ მეთოდოლოგიური მიმართულებით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის ეფექტურობას,“ – განაცხადა თემურ თორდინავამ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ამ რეფორმების შესახებ დეტალურად ილაპარაკა. მისი თქმით, 2016 წელს თბილისში აშენდა და გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაღი, ამჟამად, მიმდინარეობს 10 ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 5 უკვე სექტემბერში გაიხსნება. ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 8 ახალი ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დავნერგეთ კვებით მომსახურებისა და სანიტარული ნორმების ახალი სტანდარტები, სრულად განვაახლეთ და თანამედროვე ინვენტარით აღვჭურვეთ სამზარეულო ბლოკები, მოვაწესრიგეთ გარე და შიდა ინფრასტრუქტურა, დავნერგეთ სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების ინსტიტუტი და ამჟამად, მიმდინარეობს მათი გადამზადება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ასეთი სისტემური მიდგომით, ნდობა ბაღებისადმი არის მაქსიმალურად გაზრდილი და დღეს ჩვენ ბაღებში 770 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელი გვყავს,“ – განაცხადა თემურ თორდინავამ.

მისივე თქმით, ხუთი ახალი ბაღი თბილისში გაიხსნება შემდეგ მისამართებზე: ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N4, ჩუღურეთის რაიონი – ჩიტაიას ქუჩა N6, საბურთალოს რაიონი –  ვაშლიჯვრის დასახლება, სამგორის რაიონი – სოფელი წინუბანი, საბურთალოს რაიონი – გამსახურდიას (პეკინის) გამზირი N23, ხოლო მშენებლობა მიმდინარეობს სოფელი დიღომში, სოფელ გლდანში, სოფელ ფონიჭალშა, წყნეთში და სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩა N1-ში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g