LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან კოღუაშვილის ფილმით გაიხსნა

70
newsclt

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 5 დეკემბერს, კინო „ამირანში“ გაიხსნა. კინოფესტივალის მთავარი პროგრამა გაიხსნა ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“, რომელიც საქართველოს სახელით „ოსკარზეა“ გაგზავნილი. ფილმმა არაერთი კინოჯილდო დაიმსახურა სხვადასხვა ფესტივალზე. მასში მთავარ როლს ლევან თედიაშვილი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ფილმის განმეორებითი ჩვენება გაიმართება 9 დეკემბერს, 21:00 საათზე, „ამირანის“ მესამე დარბაზში.

ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება 11 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ შედგება, რომლის შემდეგაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის ლუი გარელის ფილმი „ჯვაროსნული ლაშქრობა“.

დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებთაც გადაეცემათ ფესტივალის პრიზი – „ოქროს პრომეთე“.

საერთაშორისო ჟიურის წევრები არიან: იაელ ფოჟიე (ფრანგი პროდიუსერი), ანდრეი ხალპახჩი (კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, უკრაინა) და კრისტიან ფეიგელსონი (კინოკრიტიკოსი, სოციოლოგი, კინოს ისტორიკოსი და მეცნიერი). ჟიური შეაფასებს საკონკურსო ფილმებს და გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში:

▪️ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

▪️ საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

▪️ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს 60-მდე საუკეთესო ნამუშევარს შემდეგ სექციებში:

▪️ ევროპული ფორუმი

▪️ ჰორიზონტები

▪️ ამერიკები

▪️ დამზადებულია გერმანიაში

▪️ ამბოხი

▪️ განსაკუთრებული ჩვენებები

▪️ აპოლო: კინოს მეხსიერება – ანიეს ვარდას რეტროსპექტივა

ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე მეორედ წარმოგიდგენთ 90-წამიანი ფილმების კონკურსს „დეპიქტ!“ (DepicT!). ამ კონკურსის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.

კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული, სახელგანთქმული შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ორი წიგნის პრეზენტაცია: „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ და „გულახდილი საუბრები“.

კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება არაერთი მასტერკლასი.

ფილმების ჩვენება გაიმართება კინოთეატრ „ამირანსა“ და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში.

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებითა და მათთან თანამშრომლობით, საქართველოს ეროვნულ არქივში ნაჩვენები იქნება 1920-30-იანი წლების აღდგენილი და გაციფრულებული ქართული ფილმები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები