LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება

499
თსსუ

2024 წლის 22 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებისა და საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსსუ-ის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები 320-მა  სტუდენტმა დაასრულა.

ღონისძიებაზე სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცა და სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

,,ძვირფასო კურსდამთავრებულებო, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი დღეა თქვენს ცხოვრებაში. თქვენ დაეუფლეთ და შეუერთდით მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური პროფესიების რიგებს.

ყოველთვის ეცადეთ, გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა და პროფესიული უნარები და არასოდეს გაჩერდეთ მიღწეულ შედეგზე. არ მოგერიდოთ, ჰკითხოთ და მოუსმინოთ კოლეგებს, მინდა გახსოვდეთ, რომ აბსოლუტურად ერთნაირი შემთხვევები არ არსებობს და მიუხედავად მათი დიაგნოსტიკური იდენტურობისა, მიმდინარეობა ყველა ორგანიზმში ძალიან თავისებურია. ამიტომ გთხოვთ, ყოველთვის, თუნდაც ერთი შეხედვით რუტინულ შემთხვევასაც  მიუდგეთ მაქსიმალური გულისყურით და პაციენტისადმი გულისხმიერებით,“ – განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

ღონიძიებაზე სტუდენტებს, ასევე, სიტყვით მიმართეს და შემდგომ პროფესიულ სარბიელზე გზა დაულოცეს: მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ; სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა  ნანა ყიფიანმა; ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა  თამარ ჩიკვილაძემ; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ციმაკურიძემ; ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ; საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორმა მედეა ჯღარკავამ.

ფაკულტეტის დეკანებმა ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები სიმბოლურად მანტიებით შემოსეს.

ღონისძიების კულმინაციას წარმოადგენდა ფიცის დადების ცერემონიალი, რომელიც სტუდენტების მიერ ერთხმად იქნა წარმოთქმული.

გამოსაშვებ საღამოს უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე, ხოლო ორგანიზატორი იყო თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახური.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და უსურვებს წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები