LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრი ,,ჰიგია” კორონავირუსის პანდემიას მინისპექტაკლით ეხმაურება

1116
tsutheatrehigia

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრი ,,ჰიგია” კორონავირუსის პანდემიას მინისპექტაკლით ეხმაურება. „შეკავებული სუნთქვა“ ასე ჰქვია ორიგინალურ  პერფორმანსს, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება.

ბრძოლა განვითარების უმაღალ საფეხურზე მდგომ არსებას-ადამიანსა და მიკრო ორგანიზმს შორის, ექიმების გმირული თავდადება, უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე და მწვავე კითხვები, რომელსაც კაცობრიობამ პასუხი უნდა გასცეს –  ამ საინტერესო საკითხებს მოიცავს „შეკავებული სუნთქვა“.

სპექტაკლის იდეა თეატრი ,,ჰიგიას” რეჟისორს, ნათია გუჯაბიძეს ეკუთვნის, რომელიც ამავდროულად სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.  პიესის ავტორია სამედიცინოს კურსდამთავრებული, თამარ ჟღენტი; სპექტაკლის მხატვარი კი – მარიამ კეკუტია, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. ამგვარად,  შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ ექიმების შემოქმედებითი პასუხი კორონავირუსს.

რეჟისორი აღნიშნავს : „გვინდოდა პირველები ვყოფილიყავით, ვინც შემოქმედებითად გამოეხმაურებოდა პანდემიას და წამოჭრიდა იმ ადამიანურ საკითხებს, რომლებიც როგორც წესი, საყოველთაო ციებცხელების ფონზე ყურადღების მიღმა რჩება. მსოფლიო ჯანდაცვა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა ამ ვირუსმა და ჩვენ საკუთარ პროფესიულ ყოველდღიურობაზე გამოვცადეთ ეს სირთულეები, რადგან ამ თეატრის ყველა წევრი სწორედ სამედიცინო სფეროთია დაკავებული. ასე რომ, ჩვენ შეგვეძლო ზუსტად და გასაგებ ენაზე მოგვეყოლა ამ უპრეცედენტო და ძალიან მტკივნეული მოვლენების შესახებ. ეს არის ჩვენი როგორც არტისტული ისე პროფესიული პასუხისმგებლობა.

წარმოდგენის სახელი, „შეკავებული სუნთქვა“ კი სცენარის ავტორის, თამარ ჟღენტის, თქმით, ასე განიმარტება: შეხვედრების აკრძალვა, მოძრაობის შეჩერება, გაუქმებული ფრენები, ჩაშლილი ღონისძიებები, ახლობლებთან ყოფნის შეუძლებლობა  – ამ შეზღუდვებთან ერთად ცხოვრება ისევე რთულად ასატანი და წარმოუდგენელია, როგორც სუნთქვის შეკავება. ერთად ყოფნა, თავისუფლება, სილაღე – ეს ჰაერივით სჭირდება ადამიანს და ამის გარეშე დიდხანს უბრალოდ ვერ გაძლებს. ამიტომ, სანამ პირში სული გვიდგას, ბრძოლა უნდა განვაგრძოთ, სიცოცხლე უნდა განვაგრძოთ, სუნთქვა უნდა განვაგრძოთ!

 

პოპულარულები