დედაქალაქში გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის შესახებ, დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე მსჯელობენ.
პროექტი ჯამში 715 სამანქანო ადგილის გამოყოფას გულისხმობს. ახალი მიწისქვეშა პარკინგები, რომლებიც დედაქალაქში მოეწყობა, ფასიანი იქნება. ამის შესახებ თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
“ინტერესთა გამოხატვის მიზანია, მინიმალური ოდენობის საპარკინგე ადგილების შექმნა,” – განმარტა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე. მისივე თქმით, თუ დარჩენილი ფართი ინვესტორს მისცემს კომერციული ფართის მოწყობის შესაძლებლობას, ეს უკვე კვლევის საგანია.
“ეს არის უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი პროექტი, რომელიც თბილისის მერიისგან უნდა განხორცელდეს კერძო ინვესტორების მოზიდვის გზით. საერთო ჯამში ვიცით, რომ გამოცხადებულია ათი ლოკაცია. ჩვენ პერიოდულად ვამუშავებთ. არ იყო მაშტაბური კვლევები ჩატარებული, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა ათივეზე გამოგვეცხადებინა. საჭიროა თითოეული ლოკაცია კარგად გავარკვიოთ და ისე გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა. დღეს 3 ლოკაციაზე გამოვაცხადეთ, ვაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს პერიოდში მოხდება სხვა ლოკაციბზეც გამოცხადება,” – განაცხადა ხმალაძემ.
მიწისქვეშა პარკინგის ლოკაციების 1 ლარად გადაცემის თემას გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი გოკა გაბაშვილი.
როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, მას არ სურდა ამ თემაზე უარყოფითი გამოხმაურება ჰქონოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატებმა ამის პროვოცირება მოახდინეს.
“ეს საპარკინგე ადგილი და ის, რაზეც ადრე ვისაუბრეთ (პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორია) არის სხვადასხვა. კომერციულად გამართულ ბიზნესს მიეცით 1 ლარად 38 საპარკინგე ადგილი. ბიზნესს, რომელიც მილიარდერს ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, გავლენა აქვს ბიზნესზე. სხვადასხვა რამაა ეს ორი შემთხვევა. აბსლუტურად არასწორად და ხელოვნურად შექმნილი მესიჯ ბოქსია,”- აღნიშნა გაბაშვილმა.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშკრებითაც ისაუბრა.
“არავინ გეუბნებათ, რომ მოგწონდეთ ვარდების რევოლუცის შემდეგ მოსულები. პირველ რესპუბლიკაზე რომ ვსაუბრობთ, ამ მოვლენას კი არ ვაფასებთ. ვარდების რევოლუცია იყო საყოველთაო მოვლენა. იმის მერე, ხელისუფლება მოგწონთ თუ არა, ამას ვერ ამოშანთავთ ისტორიიდან. მოდი უახლოესი ისტორიის მოვლენებს ნუ შევაჯიბრებთ ერთმანეთს. ყველაფრის მოედანი უნდა იყოს, სადაც წინ გადავდგით ნაბიჯი,” – განაცხადა გაბაშვილმა.