თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ძირითადი მიზანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა, – ამის შესახებ ინდუსტრიული ზონის დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა პოტენციურ ინვესტორებს თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის დამახასიათებელ ყველა შეღავათს სთავაზობს, რაც გამოხატება შეღავათიან საგადასახადო რეჟიმში ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის.
გიორგი ტაბიძის განმარტებით, ის კომპანიები, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას აწარმოებენ, არ დაიბეგრებიან.
მისივე თქმით, ზონას საკმაოდ ხელსაყრელი ადგილმდებარეობა აქვს – ახლოსაა აეროპორტთან და მთავარ სატრანზიტო გზასთან და გააჩნია ყველა სახის კომუნიკაცია.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გლდანში 18 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და დაყოფილია 26 ნაკვეთად.
”იქიდან გამომდინარე, რა მოცულობის ფართი დაჭირდება კომპანიას, შესაძლებელია, ეს ნაკვეთები გაერთიანდეს. პოტენციურ ინვესტორებს კი შევთავაზებთ სერვისების სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს ოპერირების ყველა ეტაპს” – განაცხადა გიორგი ტაბიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისათვის ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
”არიან დაინტერესებული ინვესტორები. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც დასაქმებულებები არიან ფარმაცევტული წარმოების დარგში, ასევე მსუბუქ მრეწველობაში. ვფიქრობ, გაზაფხულიდან შესაძლებელი იქნება კონკრეტული შედეგის მიღება ამ მოლაპარაკებებიდან” – აღნიშნა ტაბიძემ.