შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია.
უწყების განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები.
ნივთმტკიცებად ამოღებულია, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
მათივე ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები.
დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. კერძოდ, ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს.