თბილისში აჭარული ბაქლავის მაღაზია ”კოკლოზინა” გაიხსნა. ამის შესახებ ”ფორტუნას” ”კოკლოზინას” წარმომადგენელმა, მარიამ გორგოშაძემ აცნობა.
მართალია, მაღაზია ერთი თვეა გაიხსნა, მაგრამ ”კოკლოზინას” ბაქლავაზე მოთხოვნა დიდია და მისი რეალიზაცია პრობლემას არ წარმოადგენს. ”დედაქალაქისთვის ბაქლავა მაინც უცხო ხილია. შესაბამისად, აქ მასზე ინტერესი საკმაოდ დიდია,” – განაცხადა გორგოშაძემ.
მაღაზიის წარმომადგენელის თქმით, ბაქლავები ბათუმში მზადდება, სადაც ”კოკლოზინა” საცხობს ფლობს. რაც შეეხება რეალიზაციას, ბათუმში ”კოკლოზინა” 2 მაღაზიითაა წარმოდგენილი, თბილისში კი- ერთით. ”გარდა აჭარაული ბაქლავებისა, მრავალფეროვნებისთვის გვაქვს ჩეხური, აზერბაიჯანული, სომხური ბაქლავებიც. ფასები 1-დან 2 -ლარამდე მერყეობს”,- აღნიშნა მარიამ გორგოშაძემ.
მისივე თქმით, ახალი წლიდან ”კოკლოზინა” გაფართოებასა და ბაქლავების სადისტრიბუციო ქსელში შეტანას გეგმავს.
ბაქლავების საცხობი ბათუმში 2015 წელს გაიხსნა და მასში 15 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
