თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარების წესები მკაცრდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამ სამ ქალაქში პირბადის ტარება ღია სივრცეშიც აუცილებელია.
„მივიღეთ გადაწყვეტილება და მკაცრი რეკომენდაციაა, რომ სამ ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს, გარე სივრცეებში მოხდეს პირბადის ტარება. ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების მხრიდან, გააკონტროლებს შრომის ინსპექცია და შსს. გთხოვთ, მოგიწოდებთ, დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ღია სივრცეებში პირბადეები ვატაროთ. იქ, სადაც დისტანციის დაცვა არის რთული, მაგალითად, გაჩერებებზე, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ამ ეტაპზე ამას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. გთხოვთ მაქსიმალურად მოვეკიდოთ, რათა არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზე სანქციების დაწესება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ წესს შეასრულებენ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
მორიგი ანტირეკორდი: საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
