თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის გვერდითა კედელი ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა იქვე მდგომი მხოლოდ ერთი ავტომანქანა.
საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ამბობს, რომ კედლის ჩამონგრევა სავარაუდოდ, წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია.
“დაშავებული არავინაა, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა, ხვალ დილიდან დაიწყება ნაშალი მიწის და კედლის დარჩენილი სახიფათო ელემენტის დემონტაჟი და გატანა, აქვეა მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც დაადგენს, თუ რა ხარისხის დაზიანებაა და მომავალში რა უნდა ვქნათ. ამის შემდეგ გაკეთდება პროექტი და ახალი კედელი. მიზეზები ირკვევა, პირველადი დათვალიერებით, ეს არის წყლის მილის დაზიანება, რომელმაც ამ კედლის ჩამონგრევა გამოიწვია”, – განაცხადა ვასაძემ.
მისი თქმით, საფრთხის შემცველ კედლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
“მუნიციპალური ლაბორატორია დარჩენილ ორ კედელსაც გამოიკვლევს და იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“, – განაცხადა ვასაძემ.