LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად კოლონები უკვე დაიძრა – რომელი რეგიონიდან და რამდენ მხარდამჭერს ელოდება „ოცნება“

125
Untitled design (11)

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას გამართავს. შემაჯამებელი აქცია 17:00 საათზე იგეგმება, თუმცა როგორც პარტიაში აცხადებენ, მხარდამჭერების შეკრება თავისუფლების მოედანზე 15:00 საათიდან დაიწყება.

თბილისისკენ უკვე მოემართებიან აქციაზე დამსწრეთა მსურველები.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონიდან „ქართული ოცნება“ ელოდება, რომ 10 ათასამდე მომხრე ჩავა.

„დღევანდელი დღე არის შემაჯამებელი აქცია. ეს არის ყველა იმ თავისუფალი ხალხისთვის, რომელსაც უყვარს თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრება. ზუგდიდიდან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის და მე მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან” თაზო ფაცაციამ.

ზუგდიდიდან ავტოკოლონების ნაწილი უკვე დაიძრა. აღსანიშნავია, რომ დღესვე ზუგდიდიში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იგეგმება.

მმართველი პარტიის მხარდამჭერები ფოთიდან თბილისისკენ უკვე გამოემგზავრნენ. მათივე ინფორმაციით, აქციას ფოთიდან 1000-მდე ადამიანი შეუერთდება.

"კიდევ ერთხელ შემოვუძახებთ ერთმანეთს" - ირაკლი ზარქუა 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე

„ჩვენ ყოველთვის, ყოველი არჩევნების ბოლოს შემაჯამებელ აქციას ვაკეთებთ ხოლმე"

„მივემგზავრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე. გვინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავაფიქსიროთ – „არა ძალადობას“, „არა დესტაბილიზაციას“. მივდივართ თქვენი, ჩვენი ოჯახების წინსვლა – განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ეკატერინე ლეჟავამ.

ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილი კი სპორტის სასახლესთან შეიკრიბა.

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია ბასილაძე აცხადებს, რომ დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე 5 ათასი ადამიანი მიდის, რომელიც მხოლოდ ნაწილია იმ ამომრჩევლისა, ვისაც აქციაზე წასვლისა და „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის სურვილი ჰქონდა.

„მაგრამ ამას ხელი შეუშალა იმან, რომ დღეს სამუშაო დღეა და ყველამ ვერ შეძლო სამსახურიდან გათავისუფლება“, – აღნიშნა ბასილაძემ.

„ქართული ოცნების“ მომხრეები იკრიბებიან თელავსა და გორშიც, საიდანაც ავტოკოლონები დაახლოებით 11:00 საათისთვის დაიძრება.

„დღეს საქართველოს ყველა ქალაქიდან, მათ შორის თელავიდან მიემართება ხალხი თავისუფლების მოედნისკენ, ნიშნად იმისა, რომ იქ შეკრებილი ადამიანები და ჩვენს უკან მდგომნი 10-ჯერ მეტი ადამიანი ვიქნებით იმის გარანტი, რომ აღარასოდეს დაბრუნდება ტერორი, ძალადობა, ადამიანის ღირსების შელახვა. გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“, – განაცხადა თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პლატონ კალმახელიძემ.

აქცია არავის წინააღმდეგ – ასე აანონსებს პარტია „ქართული ოცნება“ დღევანდელ შეკრებას. თავისუფლების მოედანზე, აქციაზე დასასწრებად, „ქართული ოცნება“ უხმობს ყველას, ვისთვისაც ქვეყნის მომავალი სულერთი არ არის, და ვინც ქვეყნის დასავლური ღირებულებების მომხრეა.

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ამ აქციით კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი განვითარებასა და ქვეყნის წარმატებაზე ზრუნვაა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g