LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს

115
ვლადიმირ ზოლკინი - უკრაინელი ჟურნალისტი

თბილისში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტი, ვლადიმირ ზოლკინი არ შემოუშვეს. დედაქალაქის აეროპორტში უკრაინელი ბლოგერი და რეპორტიორი, უკრაინის ქართული ლეგიონის მეთაურთან, მამუკა მამულაშვილთან ერთად ჩამოფრინდა, თუმცა ის უკან გააბრუნეს.

როგორც რეპორტიორმა ქართულ მედიასთან განაცხადა, თბილისში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი საქმის შესახებ სტატიის მოსამზადებლად ჩამოვიდა, თუმცა საპასპორტო კონტროლზე 40 წუთით დააყოვნეს და შემდეგ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

ზოლკინის განცხადებით, მას ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და უკრაინის მიერ გაცემული აკრედიტაცია გააჩნდა, რის საფუძველზეც თბილისში პროფესიული საქმიანობის შესრულებას გეგმავდა.

უკრაინელი ჟურნალისტი უკან, კიევში უკვე გაფრინდა, მანამდე კი ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საქართველოში საპასპორტო კონტროლი ვერ გაიარა და მისთვის ამის მიზეზი არ განუმარტავთ.

„ყველა საჭირო დოკუმენტაცია გამაჩნდა, მათ შორის, კოვიდ პასპორტი. მესაზღვრეებს ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და ამის დამადასტურებელი, შესაბამისი აკრედიტაციაც ვაჩვენე. დაახლოებით 40 წუთი დამაყოვნეს და შემდეგ იმავე თვითმფრინავში ჩამსვეს, რითაც ჩამოვფრინდი, ახლა უკან, კიევში ვბრუნდები,“- ამბობს ვიდეო-მიმართვაში ვლადიმირ ზოლკინი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ქვეყანაში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი არ შემოუშვეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g