LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კულტურულ-ტურისტული და კურორტოლოგიური ფესტივალი Bloom Fest 2026 გაიმართება

330
Bloom Fest 2026

ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიისა და ბალნეოლოგიის ასოციაციის ორგანიზებითა თბილისის მერიის და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 16–17 მაისს, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე, Bloom Fest 2026 გაიმართება.

ფესტივალის მიზანია საქართველოს კურორტოლოგიური პოტენციალის პოპულარიზაცია, ბალნეოლოგიური და ფიზიკური მედიცინის როლის წარმოჩენა თანამედროვე ტურიზმში, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან პლატფორმაზე წარმოდგენა. ამასთანავე, ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, მონაწილე კომპანიებს შორის B2B და B2C შეხვედრების ხელშეწყობას და შემდგომი თანამშრომლობების განვითარების სტიმულირებას.

ორდღიანი ღონისძიება გააერთიანებს დარგის ექსპერტებს, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე ფართო საზოგადოებას. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართული ბალნეოლოგიის ტრადიციებსა და თანამედროვე მიდგომებს, ასევე ქვეყნის საკურორტო და ტურისტულ პოტენციალს.

Bloom Fest 2026 აერთიანებს სამ ძირითად მიმართულებას:

• კურორტოლოგია და ველნეს გამოცდილება – მინერალური წყლების, ბალნეოლოგიური თერაპიისა და ჯანმრთელობის თანამედროვე მიდგომების პრეზენტაცია;
• კულტურა და ტრადიცია – ქართული ხელოვნება, ადგილობრივი პროდუქცია, ცოცხალი წარმოდგენები და ლექციები.
• ტურიზმი და მიმართულებები – საქართველოს სხვადასხვა კურორტის, ტურისტული ლოკაციების, სამკურნალო და ველნეს მიმართულებების პრეზენტაცია, ტურისტული კომპანიებისა და სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება 50-მდე კომპანია ადგილობრივი პროდუქციითა და მომსახურებით. სტუმრებს ასევე ელოდებათ ინტერაქტიური ზონები, ველნეს აქტივობები, კულტურული პროგრამა და ცოცხალი მუსიკა.

ფესტივალს ეწვევა ორი საერთაშორისო ბლოგერი იაპონიიდან, რომლებიც ღონისძიების თითოეულ მონაწილეს გაეცნობიან. მათი ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო პლატფორმებზე გავრცელდება ინფორმაცია როგორც თავად ფესტივალის, ასევე მონაწილე კომპანიებისა და ქართული კურორტოლოგიური და ტურისტული პოტენციალის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი (ვახტანგ გორგასლის ქ. #9)

დასაწყისი: 16 მაისი – 11:00 საათი; 17 მაისი – 12 საათი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g