LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ნარგავებს ბიოლოგიური შეწამვლა უტარდება

122

მწვანე საფარის დაავადებული ნაწილის გადასარჩენად ბიოლოგიური შეწამვლის ღონისძიებები დედაქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში,  გამწვანებისა და ეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო სულხანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ნარგავები დაავადებულია სხვადასხვა სახის მავნებლით, რომელთა განადგურება, ამ ეტაპზე, მხოლოდ ბიოლოგიური მეთოდით არის საჭირო.

ბიოლოგიური მეთოდის გამოყენებისას მავნებლებით დაავადებულ ხეებზე ფერომონებს ამაგრებენ, რომელიც შეიცავს სპეციალურ სურნელოვან პრეპარატს, პრეპარატი იზიდავს მწერებს და ებრძვის მავნებლებს.

თუმცა ნინო სულხანიშვილის ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში, დაავადებული მწვანე საფარის გადასარჩენად, ქიმიური შეწამვლის მეთოდი ხდება ხოლმე აუცილებელი, რომელსაც სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები სჭირდება – წამლავენ აუცილებლად ღამის საათებში, წინასწარ აფრთხილებენ მოსახლეობას, სპეციალისტები საგანგებო ნიღბებით არიან აღჭურვილი. ხეების მავნებლების წინააღმდგე გამოყენებული ქიმიური შეწამვლა, ადამიანისთვის საფრთხე შესაძლოა მხოლოდ შეწამლვის პროცესში იყოს.

ამასთან, სულხანიშვილის თქმით, ნარგავების მავნებლების გასანადგურებლად არ არის საკმარისი თბილისის ცალკეულ უბნებზე მიღებული ზომები, საჭიროა ქვეყნის მაშტაბით ვრცელ ტერიტორიაზე მავნებლების გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღება.

გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის თქმითვე, სამწუხაროდ, ნარგავების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა 1988 წლის შემდეგ, რის გამოც სპეციალისტებს სპონტანურად უწევთ მუდმივ რეჟიმში ნარგავების შეფასება. ინვენტარიზაცია კი იძლევა სრულ ინფორმაციას ხე-ნარგავების მდგომარეობის შესახებ.

ნინო სულხანიშვილის ინფორმაციით, ინვენტარიზაციის ჩასატარებლად თანხა 2017 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, ასევე მეტი თანხა იქნება მიმართული ფიტო–სანიტარული კვლევებისთვის, რაც კონკრეტულ უბნებზე, კონკრეტული მავნებლების განსაზღვრის საშუალებას მისცემს სპეციალისტებს, ეს კი მწვანე საფარის გადასარჩენად კონკრეტული ღონისძიებების დასაგეგმად არის მნიშვნელოვანი.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, მწვანე საფარის დაავადების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, მავნებლების წინააღმდეგ ზომებს კი ცხელ ხაზზე მოსახლეობის მიერ შემოსული ზარების მიხედვითაც იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები