თბილისის „პარასპორტის განვითარების ცენტრში“ პარასპორტის კვირეული დაიწყო. შეჯიბრი პარაფრენბურთის თამაშით გაიხსნა.
პარაფრენბურთში მონაწილე ოთხი გუნდიდან სამი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისგან შედგებოდა, ხოლო მეოთხე გუნდი თავდაცვის სამინისტროს ხრიდოლის ინსტრუქტორთა წევრებისგან იყო დაკომპლექტებული. მათ, ისევე როგორც პარაფრენბურთში მონაწილე 24 სამხედრო მოსამსახურეს სპეციალური სიგელები გადაეცათ.
კვირეულის მიზანია საზოგადოებაში პარასპორტული სახეობების პოპულარიზაცია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.
პარასპორტის კვირეული წელს პირველად ტარდება. ერთი კვირის განმავლობაში პარასპორტსმენები: პარაფრენბურთში, ეტლით ფარიკაობაში, პარამშვილდოსნობაში, პარამაგიდის ჩოგბურთში, პარამკლავჭიდში, ამპუტანტთა ფეხბურთში, უსინათლოთა ფეხბურთსა და პარაბოდიბილდინგში მიიღებენ მონაწილეობას. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები კი პარაფრენბურთში, პარამშვილდოსნობაში, ეტლით ფარიკაობასა და პარამკლავჭიდში იასპარეზებენ.