LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში პირველი ვერტიკალური პარკირება მოეწყო (ვიდეო)

282

თბილისში ვერტიკალური, მრავალსართულიანი ავტოსადგომი განთავსდა. პირველი ასეთი კონსტრუქციის ნახვა ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის გამზირზე გამოჩნდა.

„ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემა“ პროექტ „სტარტაპ საქართველოს” დაფინანსებით განხორციელდა. მისი პრეზენტაცია დღეს გამართა.

პარკირების ელევატორულ სისტემა წარმოადგენს ლითონის კოსტრუქციას, რომელიც მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე 4, 6, 8 და 10 ავტომობილის გაჩერების შესაძლებლობას აძლევს.

კონსტრუქცია „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გამარჯვებულმა შპს „რევერსმა“ „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებითა და „საქართველოს ვაგონმშენებელი კომპანიის“ მხარდაჭერით ააგო.

ვერტიკალური პარკირების ეს მოდელი საცდელი და საჩვენებელი ნიმუში იქნება დაინტერესებული პირებისთვის.

”დაინტერესებულ მომხმარებლებს შეეძლებათ მოვიდნენ, გააჩერონ ავტომობილი, ნახონ როგორ ხდება ვერტიკალური პარკირება. ეს რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე უფასო იქნება. შემდეგ უკვე შეკვეთებზე ვიმუშავებთ”, – განაცხადა მალხაზ ცისკარიშვილმა ”ფორტუნასთან”.

პროექტს საფუძვლად დაედო ქართული პატენტი, რომლის ავტორები არიან ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი მალხაზ ცისკარიშვილი, ინჟინერი სერგო ჯორბენაძე, ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ანზორ საკანდელიძე და ეკონომისტი ფრიდონ გუნცაძე.

„ვერტიკალური პარკირების“ პროექტი „სტარტაპ საქართველომ“ გამარჯვებულთა შორის სექტემბერში გამოავლინა. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარია, რომელშიც „სტარტაპ საქართველოს“ ინვესტიცია 90 000 ლარს შეადგენს.

„სტარტაპ საქართველოს“ 79 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 59 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის.