LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყენებს ის, ვისაც მართლა სჭირდება: როგორ შეცვლის დედაქალაქში მდგომარეობას ფასიანი პარკირება

551
FORTUNA.GE (1)

თბილისის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალს ზრდის.
საპილოტე პროექტის ამოქმედება ეტაპობრივად, 2019 წლის 1 ივლისდან დაიწყო და თბილისის რამდენიმე რაიონი მოიცვა. ქუჩების ჩამონათვალი კიდევ გაფართოვდა.

კახა კალაძემ თქვა, რომ პარკირების სისტემა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას იძლევა ეფექტიანად დარეგულირდეს დედაქალაქში მოძრაობის ნაკადი, მოგვარდეს საცობის პრობლემა და გადანაწილდეს გადაჭარბებული მოთხოვნა საპარკინგე ადგილებზე.

ვინ შეძლებს უფასო პარკირებით სარგებლობას?
საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილებაში „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ვკითხულობთ:

 

„ფიზიკური პირი, რომელიც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრებაში ფლობს უძრავ ქონებას, უფლება აქვს, ამ უძრავი ქონების საკადასტრო ერთეულის 100 მეტრის რადიუსში არსებულ ზონალური პარკირების ადგილზე ისარგებლოს უფასო პარკირებით, მის მიერვე წინასწარ განსაზღვრულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე“.

პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვისაც. ასევე უფასო პარკირებით ისარგებლებენ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებიც, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე.

თუ თქვენ არ მიეკუთვნებით ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ კატეგორიას და ისარგებლებთ ზონალურ-საათობრივი პარკირებით, მაშინ მერია გჩუქნით პირველ 15 წუთს – შეგიძლიათ უფასოდ გააჩეროთ ავტომობილი (როგორც კალაძემ აღნიშნა, ადამიანს უცებ მაღაზიაში ან აფთიაქში შერბენა რომ მოუწიოს). ამის შემდეგ კი იხდით იმდენ ლარს, რამდენ საათსაც დააყოვნებთ თქვენს მანქანას ტერიტორიაზე.

კახა კალაძემ დედაქალაქის მაცხოვრებლებს პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და ბევრი ადამიანიც სარგებლობს.

მოსალოდნელია თუ არა, რომ იმ მძღოლების გარკვეულმა ნაწილმა, რომელსაც უწევს საფასურის გადახდა, უარი თქვას ფასიან საპარკინგე ადგილზე ავტომობილის რამდენიმე საათით გაჩერებაზე?

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ მძღოლები, რომლებსაც მოუწევთ ფასიანი პარკინგით სარგებლობა.
ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ ფასიანი პარკირება მის სამსახურთან ამოქმედდა, ამის გამო კი ყოველდღიურად საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევს.

“საათობრივი პარკირების ამოქმედება ჩემთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან ყოველდღე სამსახურში, მინიმუმ, 8 სამუშაო საათს ვატარებ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1 საათის განმავლობაში პარკირების საფასური 1 ლარია, ყოველდღიურად 8 ლარი მხოლოდ პარკირებაში უნდა გადავიხადო. გამოდის, რომ თვეში 200-ლარამდე იქნება გადასახდელი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. მესმის, რომ ეს ტრანსპორტის მოძრაობის მოსაწესრიგებლად კეთდება, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ადეკვატური ფასი იყოს. სხვა ადგილზე რომ გააჩერო მანქანა, ეგ კიდევ ცალკე პრობლემას წარმოადგენს, რადგან საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებში შესვლა თუ შესაძლებელია, ყველა მძღოლი იქ ცდილობს მანქანის დაპარკინგებას და იქაც არ არის ადგილი. ახალი ადგილის მოძებნაში დრო იკარგება და საბოლოოდ მანქანით სარგებლობა უაზრო ხდება. თუ 2 კმ-ში გავაჩერე და ფეხით ვიარე, მაშინ რა აზრი აქვს მანქანით სიარულს?” – გვითხრა მძღოლმა.

ერთ-ერთი მძღოლი ამბობს, რომ მაშინ, როცა მისი სამსახური ფასიანი პარკინგის ველში მოექცევა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიწყებს მგზავრობას, რადგან საფასური საკმაოდ დიდია და ყოველდღიურად ამ თანხის გადახდა გაუჭირდება.

რა შედეგებს გამოიწვევს, როგორ განტვირთავს და მოაწესრიგებს პარკინგის სისტემას პროექტის მასშტაბური განვითარება – ამ კითხვებზე პასუხისთვის „ფორტუნა“ ექსპერტს ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავას დაუკავშირდა.

თბილისის მერმა პროექტის წარდგენისას თქვა, რომ ევროპის დიდ ქალაქებში მსგავსი მოდელი ეფექტიანი საშუალებაა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისთვის. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს აღნიშნული პროექტი თბილისში?

პარკინგის რეფორმა სატრანსპორტო სისტემის რეფორმის ნაწილია. ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს მაშინ, როცა მთლიანად სატრანსპორტო სისტემა, რომელშიც შედის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო, საპარკინგე სისტემა, იქნება გამართული.
მთავარი არის ის, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნაა პარკინგზე, იქ შემომავალი ავტომობილების რაოდენობა და, ზოგადად, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც მართლა სჭირდება იქ მისვლა, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენებენ იმ სივრცეს. პეკინზე უკვე გამოჩნდა ცარიელი ადგილები, ახლა როცა მიდიხარ, არის უფრო დიდი სივრცე პარკინგისთვის. იყენებს ის, ვისაც მართლა სჭირდება. ეს რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად რომ გამოიყენო, ამიტომ არის საჭირო. გარკვეულწილად განტვირთვასაც შეუწყობს ხელს.

დადგენილებაში წერია, რომ ფიზიკური პირი უფასო პარკინგით ისარგებლებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში არსებული საპარკინგე ზონით. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს პირობა საკმარისი იმისთვის, რომ თითოეულმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეძლოს ამ პროექტით სარგებლობა.

აქ არის საუბარი პარკინგზე ქუჩაში. ყველა კორპუსს აქვს თავისი სივრცე. ყველგან ასეთი პრაქტიკა არსებობს – იმ ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება პარკინგი, ადგილობრივი მაცხოვრებლები ყოველთვის უკეთეს რეჟიმში არიან, მაგრამ ქუჩაში პარკირება ყველგან ფასიანია. ალბათ მათთვისაც ფასიანი გახდება, როცა აშენდება საპარკინგე სივრცეები, მიწისქვეშა ან ქუჩისზედა, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარია ქუჩის პარკინგზე.
თუ ფასიანი სისტემა არ იქნა იქ, სადაც ყველაზე მეტი მოთხოვნაა, სხვა საპარკინგე სივრცეებიც ვერ შეიქმნება ქუჩის გარეთ. მინდა გითხრათ, რომ ბევრ ქალაქში, რაც უფრო მეტ ხანს აყენებ ავტომობილს, უფრო მეტია გადასახადი. ჩვენთან კი ერთი საათი არის ერთი ლარი.

რამდენად მოსახერხებელი და მისაღები იქნება ფასიან სივრცეში ავტომანქანის დაყენება მათთვის, ვისი სამსახურიც აღნიშნულ ტერიტორიაზეა და მოუწევს გადაიხადოს გარკვეული გადასახადი ყოველდღიურად?

ყველაფერ ამის მიზანი არის ის, რომ ქალაქის ცენტრისკენ ადამიანი მაქსიმალურად მანქანით აღარ უნდა წავიდეს. გვინდა თუ არ გვინდა, ასეთი რეფორმები უნდა გატარდეს. იმიტომ, რომ თუ აკეთებ რეფორმებს ტრანსპორტის სფეროში, არ შეიძლება ერთი სფეროს რეფორმა გააკეთო – ავტობუსი გქონდეს გამართული, მაგრამ პარკინგი გქონდეს ქაოსში. ასე არ ხდება. თუ რეფორმაა, იქნება ეს ტაქსი, პარკინგი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, სისტემის ყველა ელემენტი უნდა განავითარო.

პროექტი უკვე ხორციელდება რამდენიმე რაიონში, რას გვეტყვით მის ეფექტიანობაზე?

იმ ქუჩებზე, სადაც ამუშავდა ეს პროექტი, უკვე ჩანს, რომ ეფექტიანია.

პარკინგი უფასო იქნება ელექტრომობილებისთვის. პროექტის ძირითადი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის კერძო ავტომობილი გამოვიყენოთ და ვიმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით?

ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ავტომობილი არის ელექტრო თუ არა. ალტერნატივა უნდა იყოს, რომ ქალაქში, განსაკურებით მოკლე მანძილებზე, ჩემთვის ძვირი იყოს გადაადგილება და მეორე, მე უნდა მქონდეს ალტერნატივა, რომ სხვა რამით გადაავაადგილდე. მაშინ შეიძლება, რომ სატრანსპორტო პრობლემა გამოსწროდეს.