LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვა ქალაქებშიც არის დაშვებული ტაქსები ავტობუსის ზოლში, თუმცა მათი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ავტობუსების გადაადგილება შეფერხდება, მძღოლებს შეექმნებათ კიდევ უფრო სტრესული გარემო“ – გელა კვაშილავა

151
ფორტუნა - 2023-04-27T161629.355

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი გელა კვაშილავა A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელ მძღოლებისთვის მერიის მიერ შეთავაზებულ ახალ შესაძლებლობას ეხმაურება და სხვა ქალაქების გამოცდილებაზე დაყრდნობით წერს, რომ ტაქსებისთვის „ბასლაინებზე“ სიარულის ნებართვით, მოძრაობა შეფერხდება და ავტობუსის მძღოლებს სტრესული გარემო შეექმნებათ.

„სხვა ქალაქებშიც არის დაშვებული ტაქსები ავტობუსის ზოლში, თუმცა მათი გამოცდილებიდან რაც ვიცით, ის არის, რომ ავტობუსების გადაადგილება შეფერხდება და ავტობუსის მძღოლებს შეექმნებათ კიდევ უფრო სტრესული გარემო. თუ რეგისტრირებული 35 ათასი ტაქსიდან დიდი ნაწილი განაახლებს მანქანას, გამოდის, რომ ისინიც იმოძრავებენ ამ ზოლში.

A კატეგორიის ტაქსების ნაწილს 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ - კახა კალაძე

როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

დღეს ავტობუსი ყველაზე დიდი გადამყვანი გახდა ქალაქში. თუ გვინდა ავტობუსებით გადაადგილება იყოს სწრაფი, კომფორტული და მოთხოვნადი, მაშინ მას მოძრაობისას ნაკლები ბარიერი უნდა შეხვდეს.

აქვე დგება აღსრულების საკითხი, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს ადვილი, თუმცა არ არის ასე მარტივი“. – წერს გელა კვაშილავა სოციალურ ქსელში.

„ფორტუნასთან“ საუბარში გელა კვაშილავამ განმარტა, რომ ტაქსები ავტობუსის ზოლში ბევრ ქალაქში დადიან და მისი ინფორმაციით, მათ შორისაა პარიზი და ბრაზილიის რამდენიმე ქალაქი.

ცნობისთვის, გუშინ, 26 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ მერია A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელ მძღოლებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობდა.

„A კატეგორიის ტაქსებს, თუ ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1 ივნისიდან საავტობუსე ზოლებში მოძრაობის საშუალება ეძლევათ“, – განაცხადა მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე.

საავტობუსო ზოლებში მოძრაობას შეძლებენ ის მძღოლები, რომელთა მანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს.

ხოლო ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ ე.წ. ბასლაინებზე მოძრაობა ასე გამოიყურება:

  • თამარ მეფის გამზირი;
  • რუსთაველის გამზირი;
  • პეკინის გამზირი,
  • მოსკოვის გამზირი,
  • გრიგოლ რობაქიძის გამზირი;
  • ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი;
  • ქეთევან დედოფლის გამზირი;
  • ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი;
  • ჯავახეთის ქუჩა;
  • ვიქტორ კუპრაძის ქუჩა;
  • სესილია თაყაიშვილის ქუჩა;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი;
  • გრიგოლ ორბელიანის მოედანი;
  • მერაბ კოსტავას ქუჩა;
  • ჟიული შარტავას ქუჩა;
  • ანა კალანდაძის ქუჩა,
  • მიხეილ თამარაშვილის ქუჩა;
  • ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა;
  • მირიან მეფის ქუჩა;
  • პეტრე იბერის ქუჩა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები