LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სარეაბილიტაციო კლინიკა გაიხსნა: აშშ-ის დახმარება 1,5 მილიარდზე მეტია

233
gax

“200 ბავშვსა და 250 ზრდასრულზე გათვლილი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოში, საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურასთან ერთად, არის ერთობლივი მიღწევა” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „კენ ვოლკერის კლინიკის“ გახსნის ღონისძიებაზე.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს სარეაბილიტაციო ცენტრი სრულად იქნება ორიენტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირების ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე.

„მიზანი არის დიადი. ეს არ იქნება გადამეტება. 200 ბავშვზე და 250 ზრდასრულზე გათვლილი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოში საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურასთან ერთად არის ერთობლივი მიღწევა. მინდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამერიკის შეერთებულ შტატებს გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა სისტემური თანამშრომლობის გარეშე, სადაც იყო კომპეტენცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ემორის უნივერსიტეტიდან, სადაც იყო ქართული ბიზნესის მხარდაჭერა, სადაც იყო თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერა. ყველაფერმა ამან ერთად მოგვცა ის შედეგი რომელიც გვაქვს. შედეგი არის ის, რომ ეს სარეაბილიტაციო ცენტრი სრულად იქნება ორიენტირებული ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე შეზღუდული შესაძლებლობების პირების. ამაზე დიდი მიზანი, რომ შშმ პირები ჩვენი ყოველდღიური, ნორმალური ცხოვრების ღირსეულ პარტნიორებად გავხადოთ, არ არსებობს. ეს არის როგორც სახელმწიფოს მიზანი, ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის მიზანი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სამედიცინო, სარეაბილიტაციო ცენტრი იყოს წარმატებული. გარდა იმისა, რომ ცენტრი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, პატარებს, ჩვენს შვილებს, ჩვენს ზრდასრულ თანამოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ამას ექნება სერიოზული რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობაც“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა USAID-ს და აღნიშნა, რომ ჯამური დახმარების წილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან 1,5 მილიარდზე მეტია.

„დახმარება არ განისაზღვრება ფინანსების რაოდენობით. აქ მთავარია წვლილი, რომელსაც USAID და ამერიკის მთავრობა ქართული დემოკრატიის კონსოლიდირების მიმართულებით აკეთებენ. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა – ინსტიტუტების სიძლიერე, ჩვენი განათლების სისტემის სიძლიერე, სამედიცინო სისტემის სიძლიერე, რაც გზას უხსნის და ქართულ დემოკრატიას ყოველწლიურად სულ უფრო წარმატებულს ხდის“, – განაცხადა გახარიამ.

 

ცნობისთვის, დღეს თბილისში „კენ ვოლკერის“ სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g