LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „თელასის“ ახალი ქვესადგური გაიხსნა

416

„თელასის“ მიერ განახლებული ქვესადგური „ჩუღურეთი“ თბილისში 25 ათასზე მეტი აბონენტის ელექტროენერგიის მომარაგების ხარისხსა და საიმედოობას გააუმჯობესებს.

თბილისში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე დღეს განახლებული ქვესადგურის „ჩუღურეთის“ გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა, სს „ინტერ რაოს“ ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი, „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი და სხვა პირები ესწრებოდნენ.

ყოფილი „თბოელექტროცენტრალის“ ტერიტორიაზე ახალი 35/6 კვ ორტრანსფორმატორიანი ქვესადგურის მშენებლობა „თელასმა“ რვა თვის წინ დაიწყო და ამ მიზნით 14 მლნ ლარი დახარჯა.

ეკონომიკისას და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, აღნიშნული ქვესადგური თბილისში 25 ათასზე მეტი აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხსა და სანდოობას აამაღლებს.

თავის მხრივ სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქვესადგურის განახლება კომპანია „თელასის“ განვითარების ხუთწლიანი გეგმის ნაწილი იყო.  „ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობა ორი წლის წინ დავიწყეთ. მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ძველი ქვესადგურის ნაცვლად ახალი აშენებულიყო. მინდა მადლობა გადავუხადო „თელასის“ გუნდს, რომელმაც კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დათქმულ ვადაში შეასრულა“, – განაცხადა ირინა მილორავამ.

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის თქმით კი, აღნიშნული პროექტის განხორციელება არა მარტო დედაქალაქისთვის, არამედ მთელი ენერგოსისტემისთვის მნიშვნელოვანია. „ჩვენ გვახსოვს, რომ ერთი რომელიმე ქვესადგურის გათიშვა უბნების რამდენიმესაათიან გათიშვას იწვევდა, რაც ყველა ჩვენთაგანისთვის არასასიამოვნო იყო. ხედავთ, რომ ქვესადგური გაკეთებულია უმაღლესი სტანდარტებით, ძალიან კვალიფიციურად და სამუშაოები მაღალ დონეზეა ჩატარებული,“ – განაცხადა ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g